თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
27-ე ტურში ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილი თბილისელები აუტსაიდერ „სამტრედიას“ ესტუმრნენ და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
სტუმრებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს, როდესაც მეკარე ოთარ გოშაძემ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე აკაკი შულაიას, რომელმაც სისწრაფეში მცველ ლუკა ასათიანს აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა – 0:1.
35-ე წუთზე, სამტრედიელებმა შეტევის წამოწყება თავის ნახევრიდან სცადეს, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილმა მეტოქის აართვა ბურთი და პასი გიორგი გულიაშვილს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოში შესულმა ბექა ქურდაძეს დაბალ კუთხეში გაუტანა.
„საბურთალო“ 46 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო გია ცეცაძის დამოძღვრილი „სამტრედია“ 16 ქულით ბოლოა.
საბურთალოელებს 5-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ – 3 გამარჯვება და 2 ფრე.
ქობულეთის „შუქურამ“ ფოთში „ფაზისის“ სტადიონზე „თელავი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ქობულეთელები მე-5 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა დააწინაურა, როდესაც თელაველთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემი შემდეგ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0.
75-ე წუთზე, ლაშა შერგელაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მეკარე ლაშა შეროზია შეცდა, ხოლო ირაკლი რუხაძემ თავური დარტყმით საპასუხო ბურთი გაიტანა.
„შუქურამ“ ისევე როგორც „თელავმა“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. თელაველები, რომელთაც გიორგი მიქაძე თავკაცობს 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე არიან, ხოლო გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით ქობულეთელებმა 22 ქულა დააგროვეს და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.
იმერულ დერბიში წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
სოსო ფრუიძის შეგირდებს 35 ქულით მე-6 ადგილი უკავიათ, ხოლო კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „ტორპედო“ 26 ქულით – მეშვიდეა.
