პსჟ-მ „სიტისთან“ ნავსი გატეხა, მესის პირველი გოლი პარიზულ გრანდში

0
4

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში პსჟ-მ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებიდან ანგარიში მე-8 წუთზე გეიემ გახსნა, რომელსაც მეტოქის საჯარიმოში ბურთი ინგლისელი მცველისგან მიუვიდა და „ცხრიანში“ უძლიერესად დაარტყა – 1:0.

შეხვედრის 74-ე წუთზე მასპინძლების შეტევა სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ლიონელ მესიმ დაიწყო, რომელმაც „კედელი“ კილიან მბაპესთან გაითამაშა და ეფექტური დარტყმით გაიტანა – 2:0. მან პარიზულ გრანდში გადასვლის შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა.

პსჟ-მ არსებობის ისტორიაში „სიტი“ პირველად დაამარცხა. მანამდე, 3 შეხვედრა მანჩესტერელბმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.

„სიტის“ 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეწყდა. პსჟ-სთან დაპირისპირებამდე, ბოლოს ინგლისელებმა ნახსენები ტურნირის ჯგუფში 2018 წელს „ლიონთან“ (1:2) წააგეს.

მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 17 სეზონში გაიტანა. მან პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდებთან ჩატარებულ 5 მატჩში 7 გოლი მიითვალა.

არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაში ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებთან ჩატარებულ 35 შეხვედრაში 27 ბურთი შეაგდო, რაც საუკეტესო შედეგია. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ინგლისური კლუბების კარში მის გარდა 12 გოლზე მეტი არავის გაუტანია.

გვარდიოლა პოჩეტინოსთან მეოთხედ დამარცხდა. ამაზე მეტი მატჩი მან კლოპისა და მოურინიოს გაწვრთნილ გუნდებთან წააგო.

პსჟ 4 ქულით A ჯგუფს ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით „ბრიუგეა” რომელმაც სტუმრად „ლაიფციგი“ დაამარცხა.

„სიტი“ 3 ქულით მესამეა, ხოლო „ლაიფციგს“ ქულა არ აქვს და შესაბამისად ბოლო ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი