უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

0
2

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ორკვირიანი შეკრების შემდეგ ის 26 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც 2-9 ოქტომბერს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

გაფართოებულმა, 43-კაციანმა ჯგუფმა შეკრება მარტყოფის ბაზაზე გაიარა და ‘იუნკერების’ ესპუართა გუნდთან მართვადი თამაშიც გამართა, რითაც უთამაშებლობის ნაწილობრივ კომპენსირება მოხდა.

მზადებით კმაყოფილია 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი, რომლის შეგირდები 1/4-ფინალში ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ ჩეხეთს შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში ბელგიასა და რუსეთს შორის უკეთესს შეხვდებიან.

ზურაბ ამონაშვილი: „შესაძლებლობის ფარგლებში, რისი საშუალებაც კოვიდ-პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მოგვცა, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ და კმაყოფილები ვართ. მოთამაშეთა ნაწილს მარტყოფის ბაზაზე მოუწია ვაქცინაცია და გარკვეული პერიოდით ვარჯიშებზე ლიმიტირებული იყვნენ. ამავე მიზეზით ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი მართვადი თამაშის გამართვა მოვახერხეთ და მინდა მადლობა ვუთხრა კლუბ ‘იუნკერებს’ დახმარებისთვის. ძლიერი ქარის გამო, ბევრი რამ ისე არ გამოვიდა როგორც ვგეგმავდით, მაგრამ საერთო სურათი მაინც დაგვანახა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოთამაშეს, რომლებიც ჩვენთან იყვნენ შეკრებაზე. ძალისხმევა არავის დაუკლია და სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისა, რომ კალინინგრადში კარგად მომზადებულები მივდივართ. მთელი შეკრების განმავლობაში დისციპლინის მხრივ ერთი გადაცდომაც არ გვქონია და მადლობა ამისთვის ამ ბიჭების ოჯახებს“.

სამწუხაროდ, რამდენიმე მორაგბე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. გარდა ამისა, სატურნირო შემადგენლობის მხრივ ლიმიტირებულები ვიყავით, თორემ ყველა მათგანი იმსახურებდა სატურნირო გუნდში ყოფნას. მინდა ავღნიშნო, რომ ტრავმის შემთხვევაში, ნებისმიერი მათგანის გამოძახება შეიძლება გახდეს საჭირო და ისინი სრულფასოვანი შემცვლელები იქნებიან. ვფიქრობ, ეს ბიჭები სანაკრებო ვერტიკალზე კიდევ უფრო მეტ სიღრმეებს გააჩენენ, გაზრდიან კონკურენციას და ეს ხარისხზე აუცილებლად აისახება.

რაც შეეხება მეტოქეებს, გვაქვს შვეიცარიის ნაკრების თამაშის ჩანაწერი და მწვრთნელთა ჯგუფმა მისი ანალიზი უკვე გავაკეთეთ. ბიჭებს დეტალებს ადგილზე ჩასვლისთანავე გავაცნობთ, რათა კარგად დარჩეთ მეხსიერებაში. ტურნირზე ყველა მეტოქე ჩვენი კონკურენტია და ყველა თამაშს მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდებით“.

ამონაშვილმა ასევე აღნიშნა შეტევის მწვრთნელის – პაატა მაისურაძისა და შეკრინების მწვრთნელის – თორნიკე ბუბუტეიშვილის ღვაწლი გუნდის მზადებაში:

„სასიამოვნო იყო ამ მწვრთნელთა ჯგუფთან მუშაობა. თორნიკესთან ადრეც მიმუშავია, პაატასთან კი პირველად მომიწია. ორივე მაქსიმალურად დაიხარჯა და მათ მიერ გაწეული სამუშაოს გარეშე, სრულფასოვანი მომზადება შეუძლებელი იქნებოდა“.

პაატა მაისურაძე წლების განმავლობაში 18-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი იყო და ორჯერ გახდა ტურნირის გამარჯვებული (2018 და 2019 წლებში), ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე შეტევის მწვრთნელის რანგში მიდის.

პაატა მაისურაძე: „18-წლამდელთა ნაკრებში 7 წელი მენეჯერი ვიყავი და ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი, ახლა კი სამწვრთნელო ცოდნისა და გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობა მომეცა. იმედია, ევროპის ჩემპიონი მწვრთნელის რანგშიც გავხდები.

შეკრების პერიოდში ძირითად კომპონენტებზე მაქსიმალურად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. არის მცირე დეტალები, რომლებზეც ადგილზე და თამაშიდან თამაშამდე ვიმუშავებთ.

იმ მოთამაშეთა უმეტესობას, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მიდიან, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული და ეს ამ ტურნირზეც წაადგებათ. სამწუხაროდ, მოთამაშეთა ნაწილს დიდი ხნის განმავლობაში არა თუ თამაშის, ვარჯიშის შესაძლებლობაც არ ქონდა, რის აღმოფხვრაზეც შეკრებაზე სათამაშო სიტუაციების შექმნით ვიმუშავეთ. ვფიქრობ, პირველ თამაშს გარკვეული კომპონენტების დასახვეწად გამოვიყენებთ“.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შემადგენლობიდან ევროპის ჩემპიონი არავინ ყოფილა და ეს მათ მოტივაციაზე აისახება. ვეცდებით ღია და სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ, თუმცა მძიმე თამაშისთვის მზად ვართ, თუ ტურნირის მსვლელობისას ამის საჭიროება გაჩნდება“.

სატურნირო რაზმში ერთი ლეგიონერია – ბურჯი ირაკლი აფციაური. შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი ამბობს, რომ სანაკრებო ვერტიკალზე კონკურენციის გაზრდის მიზნით, ევროპის ჩემპიონატისთვის ლეგიონერები არ გამოიძახეს და აქცენტი ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებზე გაკეთდა.

თორნიკე ბუბუტეიშვილი: „ამ ტურნირისთვის აქცენტს ადგილობრივ მორაგბეებზე ვაკეთებთ, რათა მათაც მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. ეს გაზრდის კონკურენციას სანაკრებო ვერტიკალზე, რაც მომავალში აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი. ლეგიონერებიდან მხოლოდ ირაკლი აფციური ჩამოვიყვანეთ, რომელიც ორივე ბურჯის პოზიციას ფარავს.

მთლიანობაში, თუ არ ჩავთვლით ტრავმებს, მოსამზადებელმა პროცესმა კარგად ჩაიარა. ამ ბიჭებს კარგად ვიცნობ, იოლად გვესმის ერთმანეთის, რაც ტურნირის მსვლელობისას, თამაშიდან თამაშამდე დეტალების დახვეწის შესაძლებლობას მოგვცემს. ვეცდებით, რომ კალინინგრადიდან შინ ბედნიერები დავბრუნდებით და ამისათვის თავს არავინ დაზოგავს“.

18-წლამდელთა შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), ირაკლი აფციაური (გრენობლი);

მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ნიკა ლომიძე (ხარები);

მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია);

9: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);

12-13: დიტო ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), საბა არჩვაძე (ლელო);

15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მასაჟისტი: გურამ ადამია

ექიმი: თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა