პოლიტიკურ პროცესებში რაგბის კავშირის ჩართვა მტკნარი სიცრუეა

0
7

27 სექტემბერს, ერთ-ერთი მედია-საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს რაგბის კავშირი ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას ახორციელებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა! საქართველოს რაგბის კავშირი დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალი, აპოლიტიკური სპორტული კავშირია, რომელიც არანაირი ფორმით არ ერევა წინასაარჩვნო პროცესში. საქართველოს რაგბის კავშირის თითოეული თანამშრომელი, წევრი თუ მორაგბე, საკუთარ არჩევანში სრულად თავისუფალია, შესაბამისად, თავად გადაწყვეტს დააფიქსირებს თუ არა საკუთარ პოზიციას არჩევნებზე და ვის გამოუცხადებს მხარდაჭერას.

სამწუხაროდ, გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება თუ სიცრუის მიზანმიმართული გავრცელება, საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას აყენებს რეპუტაციულ ზიანს, სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციებისა და საქართველოს რაგბის კავშირის დისკრედიტაციის მცდელობებისგან!

რაც შეეხება ადამიანს, რომელიც გასული სიუჟეტის თანახმად, სატელეფონო საუბარში ფიგურირებს – წარმოადგენს ერთ-ერთ დამოუკიდებელ სარაგბო სუბიექტს და საქართველოს რაგბის კავშირთან იურიდიული კავშირი არ გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, სატელეფონო საუბრის შინაარსსა და მასში ჩართული პირების ვინაობას კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ, ხოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან!
ასევე გვინდა მივმართოთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და მიიღოს შესაბამისი ზომები, რამეთუ აღნიშნული და მორიგი თავდასხმა სრკ-ზე მოცემული მედია ორგანიზაციიდან სისტემატურ და სისტემურ ხასიათს ატარებს.