ჭყოიძის ლელო სუპერთასზე და ქართველი მსაჯები

0
2

გასულ უქმეებზე რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიდერები გამოიკვეთა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში, სადაც ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ ითამაშებს, რუსულ დერბიში ‘ენისეიმ’ მეორედაც ბონუსით სძლია ‘ლოკომოტივ-პენზას’. პენზაში გამართული მატჩის პირველი ნახევარი სტუმრების იყო და ისინი 22:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა სხვაობის 6 ქულამდე დაყვანა შეძლეს, მაგრამ დასკვნით წუთებში ‘ენისეიმ’ ორი ლელო გაიტანა და საბოლოოდ ბონუსით, 44:21 მოიგო.

‘ენისეის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად კარგი მატჩი ჩაატარა დავით მესხმა. მან ლელოც გაიტანა, თუმცა ის მსაჯმა წინპასის გამო გააუქმა. ‘ლოკომოტივის’ ძირითადში იყვნენ ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, რევაზ ბროძელი და გუნდის კაპიტანი ნიკა ცირეკიძე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა გიორგი ჭყოიძე და 51-ე წუთზე მოლი ლელოთი დაასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს გარდასახვა ბროძელმა გაიტანა.

აღმოსავლეთ კონფერენციას ორი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით (10) ‘ენისეი’ ლიდერობს, ‘ლოკომოტივი’ კი უქულოდაა. ტურნირზე ჯერ არ უთამაშიათ ‘შავ ლომს’ და ისრაელის გუნდ ‘თელავივ ჰითს’. ისინი პირველ შხვედრას 16 ოქტომბერს, თბილისში გამართავენ.

დასავლეთ კონფერენციას პორტუგალიური ‘ლუზიტანოსი’ 9 ქულით ლიდერობს. მეორე, განმეორებით მატჩში, მან ესპანეთში ‘იბერიანზს’ 20:13 მოუგო. ნუგეშის სატურნირო ქულა ერგოთ ესპანელებს. თამაშს ქართველი მსაჯების ბრიგადა მოემსახურა – ცენტრი შოთა თევზაძე იყო. მას კიდეებიდან გელა ლემონჯავა და იოსებ ჯაფარიძე ეხმარებოდნენ.

ამავე კონფერენციაში ‘ბრიუსელ დევილზმა’ ერთი კვირის წინ ნიდერლანდებში ‘დელტასთან’ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო – 27:21. ‘დელტამ’ ნუგეშის ბონუსი აიღო და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ბელგიელებს კი 4 ქულა აქვთ.