ნიორაძის პირველი ლელო ახალ სეზონში

0
2

პრო დე2-ის გასულ ტურში მოედანზე 16 ქართველი ლეგიონერი გავიდა და მათგან ერთმა, ლუკა ნიორაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა.

მეხუთე ტური ‘ვანისა’ და ‘ოიონას’ შეხვედრით გაიხსნა და სტუმრებმა 23:6 მოიგეს. მათ რიგებში 59-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ. 67-ე წუთზე ‘ოიონამ’ საჯარიმო ლელო გაიტანა და სეზონში მესამე გამარჯვება გაიფორმა.

მესამე თამაში მოიგო ‘ბეზიემაც’, რომელიც ‘ნევერს’ მასპინძლობდა – 25:7. მის რიგებში 69-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ. ‘ნევერის’ ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს თორნიკე მატარაძე.

ბონუსით, 41:14 სძლია ‘კოლომიემ’ ‘მონტობანს’. ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ბურჯი იყო. ბექა შეყლაშვილმა ‘კოლომიეს’ რიგებში 51 წუთი ითამაშა, ხოლო ‘მონტობანმა’ მირიან ბურდული 60 წუთი ათამაშა.

‘რუანი’ ‘პროვანსს’ ეწვია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 22:21. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს კახა ასიეშვილი, თუმცა 6 წუთში ის მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 9 წუთი გაისარჯა.

ასევე სტუმრად, 30:26 იმარჯვა ‘ორიაკმა’, რომლის ძირითადში ოთხი ქართველი იყო. ანგარიში მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა. ის და ბურჯი გიორგი ქართველიშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს. სრულად ითამაშეს გიორგი ცუცქირიძემ და გიორგი გოგოლაძემ, ოღონდ ამ უკანასკნელმა 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა ‘მონ-დე-მარსანმა’. ის ‘აჟენს’ დაუხვდა და ბონუსით, 43:8 სძლია. გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი) შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა.

‘ბურგ-ან-ბრესი’ ‘კარკასონს’ დაუხვდა და მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშს გამორჩა – 22:26. მასპინძელთა სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ვაჟა კაპანაძე.

სტუმრად ‘გრენობლთან’ 18:13 მოიგო ‘ბაიონმა’. გამარჯვებულთა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 52-ეზე შეცვალეს კოტე მიქაუტაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო და 51 წუთი ითამაშა ლუკა გოგინავამ, ხოლო ილია კაიკაციშვილი შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.