კრისტალბერთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივმა“ პირველი მატჩი მოიგო.
26-ე ტურში, გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი ქუთაისში ადგილობრივ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.
მართალია, ორი ტაიმის განმავლობაში გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ გუნდს ჰქონია, მაგრამ „ლოკომოტივმა“ თავისი საგოლე მომენტი გამოიყენა და მიმდინარე სეზონში „ტორპედო“ ზედიზედ მესამედ დაამარცხა.
კახა ჩხეტიანის შეგირდები ბევრს კი ცდილობდნენ, თუმცა, რეალური ხიფათი სტუმართა კართან არ შეუქმნიათ და მიჯრით მეორე თამაში წააგეს.
„ლოკომოტივმა“ ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ბექა დარცმელიამ უზუსტესი პასი „ტორპედოს“ მცველების მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებული ირაკლი სიხარულიძემ მოძებნა, რომელმაც ამ სეზონში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძე ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ „ლოკოს“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია.
მატჩის მიწურულს სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ, რადგან შეცვლაზე შესულმა რატი მჭედლიშვილმა ყვითელი ბარათი ჯერ 83-ე წუთზე მიიღო, ხოლო შემდეგ 88-ეზე და მოედანი ნაადრევად დატოვა.
„ლოკომოტივი“ 40 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ჩემპიონატის განახლების მერე, ასევე პირველი თამაში მოიგო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გორის „დილამ“.
გორელები გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.
„დილა“ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლების შეტევა გვინეელმა უსმანე კამარამ წამოიწყო და „თელაველთა“ მეკარეს ცოტნა მოსიაშვილი შეატოვა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
66-ე წუთზე, მოსიაშვილმა კამარას „ვალი“ დაუბრუნა, როცა საჯარიმოში მყოფმა ბურთი დროულად დაუგორა და აფრიკელმა ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ გაიტანა.
„თელავი“, რომელიც ჩემპიონატში პაუზის დადგომამდე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ზედიზედ მესამე შეხვდრაში დამარცხდა.
„დილა“ 43 ქულით მე-3 ადგილზეა და ხვალ გასამართ „საბურთალო“-„შუქურას“ თამაშის შედეგს დაელოდება.