ბათუმელებმა „სამგურალს“ შანსი არ დაუტოვეს, თბილისელებმა – „სამტრედიას“

0
3

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო, ხოლო საერთო ჯამში წაგებელი შეხვედრების რიცხვი თერთმეტამდე გაზარდა.

26-ე ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ბათუმის „დინამომ“ ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა, როდესაც ირაკლი აზაროვის გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და შემოტრიალებით „სამგურალის“ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. მან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მე-10 გოლი მიითვალა.

52-ე წუთზე, ბათუმელთა შეტევა ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაიწყო, რომელმაც პასი ფლამარიონს მისცა, ხოლო ბრაზილიელმა ბურთი ისევ საჯარიმოში შეჭრილ თანაგუნდელს დაუბრუნა და მამუჩაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

62-ე წუთზე, მამუჩაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ალთუნაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი ბურთს კარში ადგილი მიუჩინა.

ბათუმის „დინამო“ 10-გუნდიან ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს.

თბილისის „დინამომ“, რომელსაც კახა ცხადაძე თავკაცობს, აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

მე-17 წუთზე, დავით სხირტლაძის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის კარის სიახლოვეს მყოფმა გვინეელმა ოსეი ბარნსმა თავით გადაცემა სერბ ზორან მარუშიჩს გაუკეთა, რომელმაც ასევე თავით გაიტანა.

22-ე წუთზე, გიორგი არაბიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და ორ დინამოელს გასცდა, რის შემდეგ შორეულ კუთხეში ძალიან ლამაზი გოლი მიითვალა.

გიორგი მჭედლიშვილმა, რომელიც პირველად მე-12 წუთზე გააფრთხილეს, 48-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

57-ე წუთზე, სხირტლაძემ შორი მანძილიდან „გაისროლა“ და „ცხრიანში“ ეფექტური ბურთი გაიტანა. მან „დინამოში“ დაბრუნების მერე პირველი გოლი მიითვალა.

59-ე წუთზე, სერბი მილანის რადინის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა მარუშიჩმა მოიგო, ხოლო ტოგოელმა ბენიომ ბურთის კარში ადგილი მიუჩინა.

72-ე წუთზე, რადინმა მარუშიჩთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა – 4:1.

79-ე წუთზე, 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა სამტრედიელთა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ კარში შევარდა. მოისწრაფიშვილმა „დინამოს“ მაისურით თავი პირველად გამოიჩინა.

თბილისელები 51 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე არიან.