მამარდაშვილის ყველაზე უიღბლო მატჩი ლა ლიგაში

0
2

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ ყველაზე უიღბლო მატჩი ჩაატარა.

მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „სევილიას“ შეხვდა და ბევრი ვარაუდობდა, რომ წინ ტურში „რეალთან“ (1:2) შინ წაგებული მატჩის მერე, ქართველი „ღამურების“ სასტარტოში ვერ მოხვდებოდა.

თუმცა, ხოსე ბორდალასმა კარში ადგილი ისევ მამარდაშვილს ანდო, რომელმაც ლა ლიგაში 3 გოლი პირველად გაუშვა.

მასპინძლები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც კონტრშეტევის დროს პაპუ გომესი საჯარიმოში შეიჭრა და მამარდაშვილისგან მარცხენა კუთხეში აუღებელი დაარტყა – 1:0.

მე-15 წუთზე, მონტიელი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში აწოდებდა და ლატოს მოხვდა ბურთი, რომელიც ჯერ სტუმართა კარის წინ დაეცა, ხოლო შემდეგ თავს ზემოთ გადაახტა ქართველ გოლკიპერს რომელმაც ძალიან არადამაჯერებლად ითამაშა. მან ამ ეპიზოდში ვერ გადაწყვიტა კარში დარჩენილიყო თუ წინ გასულიყო.

22-ე წუთზე, რაფა მირმა ვალენსიელთა მცველ ალდერეტეს სისწრაფეში აჯობა და კარიდან წინ გამოსულ მამარდაშვილს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 3:0.

31-ე წუთზე, სტუმართა შეტევის დროს „სევილიას“ საჯარიმოში მყოფმა უგო დურიმ დაარტყა და ბურთი მეტოქის მცველ დიოგო კარლოსის ფეხიდან კარში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „სევილიამ“ 3 ქულა მოიპოვა.

„ვალენსია“ 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში, რომელიც 25 სექტემბერს ჩატარდება ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლებს.

მამარდაშვილის დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, რთული სათქმელია მას სასტარტოში ისევ დააყენებენ თუ არა.