სიმონ სეფერინგსი: “საქართველოში ტალანტები ყოველთვის იბადებოდნენ და მომავალშიც დაიბადებიან”

0
8

რამდენიმე დღის წინ, “საბურთალომ” გერმანელი ლეგიონერი, სიმონ სეფერინგსი დაიმატა, რომელიც “ბაიერნის” აკადემიის აკადემიის აღზრდილია. 26 წლის ნახევარმცველს დებიუტი წარმატებული გამოუვიდა – “თელავთან” მატჩის 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე, 93-ე წუთზე კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

“საბურთალოს” ვებგვერდმა სეფერინგსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
– თქვენს შესახებ რომ მოგვიყვეთ, სად და როდის დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
– 4 წლის ვიყავი, როდესაც “ალემანიას” საფეხბურთო სკოლაში შევედი. რამდენიმე წელში “ბაიერნის” აკადემიაში გადავედი, სადაც 5 წელი დავყავი. ამის მერე იყო მეორე მიუნხენური გუნდი “მიუნხენ 1860”, სადაც უკვე პროფესიონალურ დონეზე დავიწყე თამაში.
– რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ფეხბურთი?
– გერმანიაში ყველა ბავშვი სკოლაში ფეხბურთს თამაშობს, მათ შორის ვიყავი მეც. მამაც ფეხბურთელი იყო, რომელმაც შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოკიდა ხელი. იგი “ალემანიას” 15 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ მქონდა საფეხბურთო ნიჭი, მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს სპორტის ეს სახეობა.
– საქართველოში როგორ აღმოჩნდით?
– “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ხვიჩა შუბითიძე ჩემს მენეჯერს დაუკავშირდა და საქართველოში თამაში შესთავაზა. ვიდრე თბილისურ კლუბთან კონტრაქტს გავაფორმებდი 10 დღე “საბურთალოში” ვივარჯიშე, შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი და საბუთები მოვაწესრიგე. “საბურთალო” მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია, ვიცი, რომ აქცენტს თავისი აკადემიის ფეხბურთელებზე აკეთებს. განვიხილე შემოთავაზება და სიამოვნებით დავთანხმდი.
 თბილისურ კლუბში დებიუტი ისეთი გამოგივიდათ, ბევრი რომ ინატრებდა. “თელავთან” მატჩის 93-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეთ. როგორ გაიხსენებთ იმ წუთებს?
– უცებ ვერ გავაცნობიერე, ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვიყავი. გამიმართლა, რომ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გოლი გავიტანე. მინდა ჩემს ახალ მეგობრებს მადლობა გადავუხადო – რა თქმა უნდა, მათი დიდი დამსახურებაა, რომ მე კლუბისთვის მნიშვნელოვანი ბურთი გავიტანე.

გოლმა წარსულში გადატანილი პრობლემები საერთოდ დამავიწყდა – ჯერ ტრავმა მქონდა და რამდენიმე თვე იძულებით ვიყავი ჩამოშორებული ფეხბურთს, შემდეგ კი კოვიდ-19-ით დავინფიცირდი და ამანაც გარკვეული დრო დამაკარგვინა.

გოლი რომ გავიტანე, თავი სიზმარში მეგონა, უზომოდ გამიხარდა, გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. თამაშის შემდეგ გასახდელში ძალიან დიდი ემოციები იყო, როგორც ფეხბურთელებისგან, ასევე მწვრთნელებისგან.

თუმცა, ის გოლი უკვე წარსულია და ახლა მომავალ მატჩსა და სხვა გამარჯვებებზე ვფიქრობ. ამ მოგებით გათამაშების ცხრილში შედარებით დავწინაურდით. ჩვენმა კონკურენტებმა – დილამ” და “ლოკომოტივმა” ვერ მოიგეს, რითაც კარგად ვისარგებლეთ და მესამეზე გადავედით.
– საუბარში აღნიშნეთ, რომ ვიდრე კონტრაქტს გააფორმებდით, მანამდე “საბურთალოში” რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეთ. შთაბეჭდილებებზე რომ გვითხრათ?
– ფეხბურთელებთან იოლად შევედი კონტაქტში, კომუნიკაბელური გუნდელები მყავს. თბილად დამხვდნენ, რამაც კიდევ უფრო გამიადვილა ახალ გუნდში ადაპტირება.ნაწილობრივ დავათვალიერე თბილისი, რითაც მოხიბლული დავრჩი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამე მაქვს სანახავი. ნელ-ნელა ვეცნობი ქართულ კულტურას, ღირშესანიშნაობებს…
– რომელ სათამაშო რგოლში გრძნობთ თავს კომფორტულად?
– 6 ნომერზე, საყრდენ ნახევარმცველად. ძალიან მიყვარს ბურთთან ხშირი შეხება, საჯარიმოში შერბენა, თავით თამაში. გერმანელი ფეხბურთელი  ლეონ გორეცკა ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია, მასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. პროფესიონალი და წარმატებული სპორტსმენია.
– რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ჩემპიონატზე?
– საქართველოში ტალანტები ყოველთვის იბადებოდნენ და მომავალშიც დაიბადებიან. ქართველებს უყვართ ტექნიკური და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში. საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს მივადევნე თვალი, ვნახე ლამაზი გოლები. “საბურთალოს” შეხვედრებს ვუცქირე  ევროტურნირებზე, შინაურ ჩემპიოანტზეც. გარკვეული ინფორმაცია დამიგროვდა. სხვა გუნდებსაც ნელ-ნელა ვეცნობი.
– გერმანიაში, ქართველი ფეხბურთელების თამაშებს თუ ადევნებდით თვალს? ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილის, ლევან ცქიტიშვილის, ლევან ყენიასი…
– ბუნდესლიგაში ხისტ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ირბინო. როდესაც ქართველები “ფრაიბურგის” ღირსებას იცავდნენ, მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა ქართველების თამაში ნაწილობრივ მახსოვს, ისინი დიდ როლს თამაშობდნენ “ფრაიბურგის” შემადგენლობაში.

საკმაოდ ტექნიკურები იყვნენ და ბევრ ფეხბურთელებს პრობლემებს უქმნიდნენ. მამასგან მსმენია, რომ ბევრი სწორედ ქართველების სანახავად დადიოდა სტადიონზე, გუნდის ლიდერები იყვნენ, მათ გარეშე “ფრაიბურგი” წარმოუდგენელი იყო.

შემდეგ კობიაშვილმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე განაგრძო საფეხბურთო ცხოვრება, როდესაც “შალკეში” გადავიდა. ითამაშო ბუნდესლიგაში მარტივი არაა, ქართველები გერმანიაში დიდ როლს თამაშობდნენ.