ბათუმელთა სპექტაკლი “ლოკომოტივთან”, სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი

0
2

თბილისის „ლოკომოტივი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდი იყო, რომლისთვის ბათუმის „დინამოს“ ამ სეზონში არ მოეგო და გია გეგუჩაძის შეგირდებმა 24-ე ტურში მეტოქე შთამბეჭდავი ანგარიშით დაამარცხეს.

არადა, თამაშის მსვლელობისას რთული სავარაუდო იყო, რომ მოედანზე მოვლენები ასე განვითარდებოდა.

შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, რომელმაც შეტევა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყო, მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს გასცდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა.

51-ე წუთზე, ბექა დარცმელიამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბათუმელთა კარის მიმართულებით დაარტყა და ირაკლი სიხარულიძემ ფეხებ შორის ოსტატურად გაატარა ბურთი, რომელიც კარში აღმოჩნდა.

55-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძემ შეტევის მარჯვენა ფრთაზე უკრაინელ მცველ აზაცკსი ჯერ ერთი ფინტი გაუკეთა, შემდეგი მეორე და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში გაიტანა.

65-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკიმ, რომელმაც ბრაზილიელი ფლამარიონი შეცვალა, თბილისელთა საჯარიმოსთან მიახლოებულმა მარცხენა მახვილი კუთიდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ამ შემთხვევაში „ლოკომოტივის“ ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი შეცდა, რომელსაც ასევე ხელი სენეგალელმა ცენტრალურმა მცველმა ადამა ვადიმ შეუშალა. მან „ლოკოში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა.

69-ე წუთზე, თორნიკე გაფრინდაშვილმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჯიღაურმა თავით დუბლი შეასრულა.

72-ე წუთზე, ფანცულაიამ თბილისელთა საჯარიმოში გვერდი ვადის აუარა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.

მე-80 წუთზე, გაფრინდაშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ეფექტური დარტყმით სტუმართა მეკარე კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

84-ე წუთზე, გაფრინდაშვილი მარჯვენა ფლანგზე სამ ლოკომოტიველს გაცდა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პასი კარის წინ მდგომ ფანცულაიას გაუკეთა, რომელმაც თავი მეორედ გამოიჩინა.

87-ე წუთზე, ირაკლი აზაროვმა „ლოკოს“ საჯარიმოში მცველს თავგზა აუბნია და ზედა კუთხეში აუღებლად დაარტყა.

89-ე წუთზე, მამია გავაშელიშვილმა აზაცკის ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და საჯარიმოში შესულმა გაიტანა.

საბოლოოდ, ბათუმელებმა 7:3 მოიგეს და მიმდინარე სეზონში ამდენი გოლი ერთ მატჩში პირველად გავიდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში „დინამომ“ ამაზე მეტი გოლი წელს მხოლოდ ქობულეთის „შუქურას“ გაუტანა – 8.

გიორგი ჭიაბრიშვილის მისვლის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 7 გოლი პირველად გაუშვა. სამწვრთნელო კარიერაში ჭიაბრიშვილმა ასეთი მწარე მარცხი ერთხელ იგემა, როდესაც „საბურთალოსთან“ ერთად „სამტრედიასთან“ 2:8 წააგო.

24 ტურის შემდეგ, ბათუმელები 10-გუნდიან ჩემპიონატს 50 ქულით ლიდერობენ.

წყალტუბოს „სამგურალმა“ „სამტრედია“ მიიღო და 4:0 აჯობა. მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც 3 გოლი გაიტანეს.

მე-7 წუთზე ანგარიში ალექსანდრე ვერულიძემ გახსნა – კუხიანიძის დარტყმის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა.

25-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მისი გადაცემის შემდეგ, კარის წინ მყოფმა პაპუნა ფონიავამ წყალტუბოელები კიდევ უფრო დააწინაურა.

37-ე წუთზე, ვერულიძემ ქუსლით ეფექტური საგოლე პასი ამჯერად მეტოქის საჯარიმო სერგო კუხიანიძე გაუკეთა, რომელმაც მარჯენა მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმში კუხიანიძემ დუბლი შეასრულა, როდესაც სამტრედიელთა კარი ლუკა შენგელიას მიერ საკუთარ საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა.