მამარდაშვილი მეოთხედ სასტარტოში და გამარჯვება “ელ სადარზე”

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეოთხედ ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა სტუმრად პირველი თამაში მოიგო.

ვალენსიელები „ელ სადარზე“ „ოსასუნას“ ესტუმრნენ და საკმაოდ რთულ მეტოქესთან დამაჯერებლად გაიმარჯვეს – 4:1.

მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში მონკაიოლამ გახსნა, რომელმაც სტუმართა მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა. მამარდაშვილს გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის.

„ვალენსიამ“ საპასუხო გოლი 26-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან კარლოს სოლერმა ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში მაქსი გომესს, რომელმაც ახლო კუთხესთან ყველას დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ უკვე პორტუგალიელი გონსალო გედეშის დრო დადგა.

მან 50-ე წუთზე ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი „ოსასუნას“ მცველ არიდანეს ოდნავ შეეხო შორეულ ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.

55-ე წუთზე, დანიელი ვასის კარგი პასის შემდეგ, გედეშმა ბურთი პამპლონელთა ნახევარზე მიიღო და მარჯვნიდან საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად „გაისროლა“.

73-ე წუთზემ „ვალენსიამ“ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ალდერეტემ თავით მეტოქის კარი აიღო.

აქვე გეტყვით, რომ პამპლონელებმა შეხვედრაში მეორე გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა, რადგან მამარდაშვილს ხელებში ჰქონდა დაფიქსირებული ბურთი, რომელიც ბრაშანაცმა გააგდებინა და კარში ამის მერე შეაგორა.

„ვალენსიას“ საუცხოო სტარტი აქვს – 4 თამაშიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ხოსე ბორდალასის შეგირდები მომდევნო ტურში მშობლიურ „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებენ.