კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა – „დინამომ“ თელავში წააგო, „ტორპედომ“ გორში მოიგო

0
4

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოულოდნელი შედეგებით განახლდა.

23-ე ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „თელავმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გავიდა, როდესაც ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ესპანელმა მეკარე ანდრეს პრიეტომ, რომელიც „დინამოში“ სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, ბურთი კარში თავისი ხელებით „შეაგდო“.

„თელავმა“ ზედიზედ 7 თამაში არ წააგო – 5 გაამრჯვება და 2 ფრე, რის წყალობით 25 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილი „დინამო“ 44 ქულით მეორე პოზიციაზეა.

გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ქუთაისელები 22-ე წუთზე ბაქარ მირცხულავამ დააწინაურა, როდესაც ალჟირელი მეჰდი ბუკასის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით აუღებლად დაარტყა.

52-ე წუთზე, სტუმრების „მაღალმა“ პრესინგმა შედეგი გამოიღო და გორელებმა ბურთი თავის მოედანზე დაკარგა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში მყოფ ირაკლი ძარიას პირველ ცდაზე „დილას“ მცველმა დააფარა, „ტორპედოს“ ნახევარმცველის მეორე დარტყმა კი შედეგიანი აღმოჩნდა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს, როცა ირაკლი ბუღრიძე „ტორპედოს“ საჯარიმოში ბელრუსმა დმიტრი რეკიშმა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

„დილა“ 38 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 22 ქულით – მერვეა.