რონალდუს მე-200 დუბლი – პორტუგალიელი „მანჩესტერში“ რიხით დაბრუნდა

0
6

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა კრიშტიანუ რონალდუმ პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა,

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერელებმა „ნიუკასლს“ უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე ანგარიში რონალდუმ გახსნა, რომდესაც მეისონ გრინვუდის დარტყმის შემდეგ, სტუმართა მეკარე ფრედი ვუდმენმა ბურთი ცუდად მოიგერია და იქვე მყოფმა პორტუგალიელმა უპრობლემოდ გაიტანა.

„ნიუკასლმა“ ანგარიში 56-ე წუთზე ხავი მანკუილოს დარტყმის შემდეგ გაათანაბრა.

62-ე წუთზე, რონალდუმ მასპინძლები ისევ დააწინაურა, როცა ლიუკ შოუს პასის მერე „ცაციათი“ გაიტანა.

მე-80 წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ნიუკასლელთა კარი აიღო. ის 4 გოლით მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა საუკეთესო ბომბარდირია.

მატჩში წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ჯესი ლინგარდმა დასვა.

რონალდუმ ინგლისის პრემიერ ლიგაში „ნიუკასლის“ კარში საერთო ჯამში 7 გოლი გაიტამა. ამ ტურნირში მან უფრო მეტჯერ „ასტონ ვილას“ კარი აიღო – 8-ჯერ. რონალდუმ პრემიერ ლიგაში დუბლი 2009 წლის აპრილის შემდეგ პირველად მიითვალა- მაშინ მან ორჯერ „ტოტენჰემს“ გაუტანა.

გარდა ამისა, 36 წლის რონალდუმ კარიერაში მე-200 დუბლი მიითვალა. მან ეს „სპორტინგში“ ერთხელ  მოახერხა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 27-ჯერ, „რეალში“ – 122-ჯერ, „იუვენტუსში“ – 23-ჯერ, ხოლო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში – 27-ჯერ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 10 ქულით 20-გუნდიან პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზეა.