ვილი სანიოლი: “საქართველოს ნაკრებით მთელი ქვეყანა იამაყებს”

0
2

ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში და ოქტომბერ-ნოემბერში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გასამართ შეხვედრებში, საქართველოს ეყოლება ნაკრები, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს.

ქართველების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ სოფიაში ბულგარეთთან ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც დაესწრო.

ვილი სანიოლი: “ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური. მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შანსს იმსახურებს, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.

​კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან. მეორე ნახევარში კი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.

ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მქონდა, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ეროვნული ნაკრები განვითარდეს ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ​ჩემი აზრით, საუბრები, რომელიც გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მითუმეტეს ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს.”

გიორგი აბურჯანია: “საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ორ ოფიციალურ შეხვედრაში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთ დროს ჩავარდნები ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ ეს ავტომატურად აისახება შედეგზეც”.

საქართველოს ეროვნული ნაკრები რი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის არენაზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰათაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს.