შერმადინის 17 ქულა ფინალში – “ტენერიფემ” “ხეტაფეს თასი” მოიგო

0
8

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ ერთად “ხეტაფეს თასი” მოიგო. ფინალში გიორგის გუნდის მეტოქე მადრიდის „ფუენლაბრადა“ იყო, რომელიც კუნძულელებმა 101:96 დაამარცხეს.

“ხეტაფეს თასის” მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა შერმადინმა, რომელმაც 20 წუთში 17 ქულა და 2-2 მოხსნა პასი მოაგროვა. მასზე მეტი მხოლოდ მისმა ფინელმა თანაგუნდელმა სასუ სალინმა ჩააგდო – 18 ქულა. მან 10-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალში „ტენერიფემ“ თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი „ბასკონია“ დაამარცხა – 81:67. ამ შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 9 ქულა დაფიქსირდა.

ტენერიფეს ახალ სეზონში პირველი ოფიციალური ტიტულის მოგების შანსი 11-12 სექტემბერს ექნება, როდესაც ესპანეთის სუპერთასის მატჩებს უმასპინძლებს. 11-ში ნახევარფინალური თამაშებია დაგეგმილი: შერმადინის გუნდი მადრიდის “რეალს” ეთამაშება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი “ბარსელონა” და “ვალენსია” იბრძოლებენ.