21-წლამდელები რუმინელებს სტუმრად დაუზავდნენ

0
3

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც რამაზ სვანაძე წვრთნის მიმდინარე წელს მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად, მეტოქეს დაუზავდა.

მარტში გორში ბელარუსებთან 4:1 გამარჯვების შემდეგ, ქართველი ახალგაზრდები ქალაქ ვოლუნტარიში რუმინელ თანატოლებს შეხვდნენ და დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში სტოიკამ გახსნა და მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს.

73-ე წუთზე, გიორგი გულიაშვილმა ინდივიდუალური გარღვევა რუმინელთა საჯარიმოში შესვლითა და შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით დაასრულა – 1:1.

სვანაძის გაწვრთნილებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, როდესაც 84-ე წუთზე კონტრშეტევის დროს კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მასპინძელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე ლევან ხარაბაძე დატოვეს, რომლის დარტყმის შემდეგ პოპამ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელებს შორის ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მასპინძლები არიან.

რუმინეთი – საქართველო 1:1 (1:0)

7 სექტემბერი, ვოლუნტარი.

საქართველო: მეგრელიშვილი, ჯინჯოლავა, გელაშვილი, კალანდაძე, კაპანაძე (ინჯგია, 86), ხარაბაძე, მექვაბიშვილი (კ), მოისწრაფიშვილი (ლომთაძე, 79), შოთა ნონიკაშვილი (გაგნიძე, 64), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი, 79), გაგუა.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.

გოლები: 1:0 სტოიკა (16), 1:1 გულიაშვილი (73)