ესპანეთმა ბადახოსში ტრადიცია არც საქართველოსთან დაარღვია

0
7

საქართველოსთან შეხვედრამდე ესპანელებმა B ჯგუფში პირველი მატჩი წააგეს – სტუმრად შვედეთთან 1:2.

მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში „ფურია რიხას“ 66-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

შვედებთან მარცხამდე, ბოლოს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთმა 1993 წლის მარტში კოპენჰაგენში დანიასთან 0:1 წააგო.

საქართველოს ნაკრები ესპანეთში ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩავიდა, ხოლო მასპინძლებს „ვილიარეალის“ თავდამსხმელი ხერარდ მორენო გამოაკლდათ.

ბათუმში კოსოვოსთან (0:1) წაგებული მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა საკმაოდ შეცვალა. კერძოდ, საწყის თერთმეტეულში მცველი დავით ხოჭოლავა, ნახევარმცველები ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი წიტაიშვილი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ვერ მოხვდნენ.

საბა ლობჟანიძეს, რომელმაც კოსოვოსთან შეხვედრა ტრავმის მიზეზით გამოტოვა, თამაში სასტარტოში უნდა დაეწყო, მაგრამ მოთელვის დროს დაზიანება მიიღო და ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა.

ნაკრებში სადებიუტო თამაში ლუკა ლოჩოშვილმა, ვლადიმირ მამუჩაშვილმა და გიორგი ზარიამ ჩაატარეს.

საქართველოს ნაკრების დაცვლის ცენტრში კაშია და ლოჩოშვილი მოქმედებდნენ, მარჯვენა მცველი ჩაბრაძე იყო, ხოლო მარცხენა – გიორბელიძე.

ნახევარდაცვის ცენტრში კანკავა, აბურჯანია და მამუჩაშვილი თამაშობდნენ. ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგი დავითაშვილს ჩააბარეს, მარცხენა – აზაროვს. მიუხედავად იმისა, რომ სანიოლის განკარგულებაში ფორვარდები გიორგი ქვილითაია და გიორგი მიქაუტაძე იყვნენ, სასტარტოში ზარია მოხვდა, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე იმყოფებოდა, არადა, ამპლუით ნახევარმცველია.

მიმდინარე შესარჩევში ესპანელებმა თბილისში ქართველები ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში 2:1 დაამარცხეს, არადა, მატჩის მსვლელობისას 0:1 აგებდნენ.

„ფურია როხამ“ ბადახოსის სტადიონ „ნუევა ვივეროზე“, სადაც 14175 მაყურებელი ეტევა მესამედ ითამაშა.

1999 წელს, ესპანელებმა ევრო-2000-ის შესარჩევში ნახსენებ არენაზე კვიპროსი 8:0 გაანადგურეს.

2007 წელს პირენელებმა ევრო-2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბადახოსში ლიხტენშტაინს 4:0 სძლიეს.

ესპანეთმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ბადახოსში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.

სანიოლის ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მასპინძლები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ანგარიშში აისახა.

შეხვედრის მე-14 წუთზე ესპანელებმა კუთხური ჩააწოდეს, ქართველებმა დაცვაში ცუდად ითამაშეს და საჯარიმოს გარედან ხოსე გაიას დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ გურამ კაშიას ფეხზე შეეხო, ხოლო შემდეგ კარში აღმოჩნდა – 1:0.

25-ე წუთზე, მარკოს ლორენტე მარჯვნიდან სტუმრების საჯარიმოში შეიჭრა და პასი კარლოს სოლერს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 2:0.

33-ე წუთზე, გაიამ ლორიას კარი კიდევ ერთხელ აიღო, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ფერან ტორესი, რომელმაც თანაგუნდელს პასი გაუკეთა თამაშგარეში აღმოჩნდა, რის გამო გოლი გაუქმდა.

41-ე წუთზე, ლორენტემ ანალოგიური რეიდი განახორციელა და ამჯერად, ქართველების საჯარიმოში ფერნა ტორესი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა გიორბელიძეს დაასწრო, რის შემდეგ მესამე გოლი გაიტანა – 3:0.

46-ე წუთზე აზაროვმა ცრუ მოძრაობით მეტოქის საჯარიმოში სოლერი ჩამოიშორა  და  მისი დარტყმის შემდეგ უნაი სიმონმა ბურთი მოიგერია. ეს სტუმრების მიერ მასპინძლების კარში შესრულებული პირველი დარტყმა იყო.

62-ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან დავითაშვილის დარტყმის შემდეგ უნაი სიმონს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მის სიახლოვეს ქართველებიდან არავინ აღმოჩნდა.

63-ე წუთზე, მასპინძლების კონტრშეტევის დროს სარაბიამ სტუმართა საჯარიმოში ფორნალსი მოძებნა, რომელმაც ერთ მოწინააღდეგეს გვერდი აუარა და ბურთი ისევ სარაბიას დაუბრუნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით შეაგდო – 4:0.

საქართველოს ნაკრებს პრესტიჟის გოლის გატანა 65-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მიქაუტაძე მეტოქის საჯარიმოში ასპილიკუეტას კარგად გაექცა და მისი დარტყმის შემდეგ უნაი სიმონის ხელიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ყაზაიშვილმა კი თავით არაზუსტად დაამატა.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში სარაბიას გადაცემის შემდეგ რუისი ლორიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ესპანელის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია.

69-ე წუთზე თამაშში სანდრო ალთუნაშვილი ჩაერთო და საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ფეხბურთელის დებიუტი შედგა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სარაბიამ ლორიას კარი კიდევ ერთხელ აიღო, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ პაბლო ფორნალსი, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა ოფსაიდში აღმოჩნდა და ბურთი არ ჩაითვალა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მომდევნო თამაშს 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთთან ჩაატარებს.

მანამდე, 8 სექტემბერს სანიოლის გაწვრთნილები სოფიაში ბულგარეთთან ისპარინგებენ.

ესპანეთი – საქართველო 4:0 (3:0)

5 სექტემბერი. ბადახოსი. სტადიონი „ნუევო ვივერო“.

ესპანეთი: უნაი სიმონი, ასპოლიკუეტა (კ), ლაპორტი (ალბიოლი, 46), გაია, ერიკ გარსია (მერინო, 60), სოლერი, როდრი, მარკოს ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი, 60).

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

საქართველო: ლორია, კაშია, ლოჩოშვილი, ჩაბრაძე, გიორბელიძე (კაკაბაძე, 76), აზაროვი (ყაზაიშვილი, 57), კანკავა (კ), აბურჯანია (ალთუნაშვილი, 69), ზარია (მიქაუტაძე, 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე, 69).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 გაია (14), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63).

გაფრთხილება: კაშია (69), ჩაბრაძე (82)

მთავარი მსაჯი: ტიაგო მარტინში (პორტუგალია)