ვილი სანიოლი: “სასურველი შედეგის ჩვენება რთული იქნება, რადგან ესპანეთი უკეთესი გუნდია”

0
6

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ესპანეთთან სასურველი შედეგის ჩვენება რთული იქნება, რადგან მეტოქე უკეთესია გუნდია.

ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5 სექტემბერს ბადახოსში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე გუნდის ვიცეკაპიტანი გურამ კაშია დაესწრო.

ვილი სანიოლი: “ესპანეთთან სათამაშოდ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე კონცენტრირებულია. ვიცით, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ და სასურველი შედეგის ჩვენება რთული იქნება, რადგან ესპანეთი უკეთესი გუნდია.

მიუხედავად ამისა, პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა თანაბარი იყო. ესპანეთისგან განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძვით და ვცდილობთ თავდაჯერებულად ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, რომ ესპანეთთან გამართულ პირველ მატჩში ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ხვალ რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება.

ტრავმის გამო ჩვენ საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვაკლია, აქედან გამომდინარე პირველი შეხვედრისგან საკმაოდ განსხვავებული შემადგენლობა გვეყოლება. მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშე, რომელიც ხვალ ესპანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა, ბოლომდე დაიხარჯება და შეეცდება იმაზე უკეთ ითამაშოს ვიდრე ეს კოსოვოსთან გავაკეთეთ.

სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას გამოცდილი მოთამაშეების ყოლა აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. როდესაც შენ თამაშობ მაგალითად ესპანეთის წინააღმდეგ, ბევრი სირბილი გიწევს და ამისთვის მზად უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი დონის შეხვედრას ვერ ითამაშებ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საბოლოო შედეგზე გავლენა საკმაოდ ბევრმა ფაქტორმა მოახდინა, არ შეიძლება, რომ ეს რომელიმე კონკრეტულ პოზიციას დაბრალდეს. აღნიშნული მარცხი მთლიანი გუნდის პასუხისმგებლობაა.

როდესაც მატჩის მოგება გსურს, მეტი აგრესიითა და ხარისხით უნდა ითამაშო. ესპანეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხვედრა გვექნება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია, რომ ჩემმა მოთამაშეებმა სხვა სათამაშო მენტალობა აჩვენონ.”

​გურამ კაშია: “კოსოვოსთან განცდილი მძიმე მატჩის შემდეგ, აღდგენა ძალიან რთულია. ფეხბურთელებმა მწვრთნელებთან ერთად ვისაუბრეთ და აუცილებელია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ.

რაც შეეხება ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, წარსულში ამ ნაკრებს რამდენჯერმე დავუპირისპირდით და ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ბოლო თამაში განსაკუთრებით დრამატული გამოდგა, რადგან გოლი ბოლო წუთზე გავუშვით და ვფიქრობ, რომ ქულას ვიმსახურებდით.

თუ ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ და ორთაბრძოლებში ძლიერები ვიქნებით, რა თქმა უნდა, კვლავ შეიძლება კარგი თამაშის ჩვენება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი, ძალიან დიდი ენერგია დაგვჭირდება.”

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ესპანეთში არსებული კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრება, რაც მასპინძელი სტადიონის ტევადობის 60 პროცენტს შეადგენს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბადახოსში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)