ლუის ენრიკე: “კარგად მახსოვს, რომ პირველ წრეში თამაში ბოლო წუთზე მოვიგეთ”

0
4

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან იოლი მატჩი არ ელოდება, მაგრამ საკუთარი კედლების ეიმედება.

მან ამის შესახებ ხვალ ბადახოსში ქართველებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე გუნდის კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი დაესწრო.

ლუის ენრიკე: “ის მატჩი კიდევ ერთხელ ვნახეთ და დეტალურად გავაანალიზეთ. გაცილებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არის ბევრი სათამაშო დეტალი, რომლებსაც გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ფეხბურთი ინდივიდუალური და კოლექტიური შეცდომების თამაშია. არ არსებობს ერთი მიზეზი, რომლის გამო წავაგეთ თამაში.

ბევრი რამის თანხვედრა იყო. სათამაშო სქემა დაცვაში მარტივია, თავდასხმაში კი თამაშიდან გამომდინარე იცვლება. მიყვარს შეტევა, გვიწევს გარისკვა და ფეხბურთელებს ეს ესმით. არ ვეთანხმები კრიტიკას, რომელიც ერიკ გარსიამ დაიმსახურა. ის ბრწყინვალე ფორმაშია და კმაყოფილი ვარ მისი თამაშითა და მოქმედებებით.

ბოლო დროს გუნდების დონეები გათანაბრდა და თითოეული მატჩის მოგება ძალიან გართულდა. სანერვიულო საქართველოს ნაკრებთანაც გვექნება, თუმცა გვაქვს საკუთარი კედლების უპირატესობა. კარგად მახსოვს, რომ პირველ წრეში ამ მეტოქესთან თამაში სულაც ბოლო წუთზე მოვიგეთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენი ამოცანა არაა, ნოემბერს ჯგუფში პირველ ადგილზე შევხვდეთ. ჩვენი მიზანი მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია და გჯერა, ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველი შვედეთია, მუნდიალზე გასვლა-არგასვლა ჩვენზეა დამოკიდებული.

გვსურს დადებითი განწყობა შევიქმნათ. მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ფანებს, რომელთა თანადგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენს თამაშზე აუდიტორიას ძალიან დიდი გავლენა აქვს, ის ფრთებს გვასხამს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სირთულეები გვაქვს”.

სერხიო ბუსკეტსი: “გვესმის, რომ ჩვენი მოვალეობა კარგად თამაში და შედეგის დადებაა. ჩვენ კი გულშემატკივრებს ვთხოვთ, მხარი დაგვიჭირონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემები გვაქვს. ერთად უფრო ძლიერები ვართ და რთულ მომენტებში სწორედ ფანების გვმატებენ ძალას.

როდესაც მარცხდები, ყოველთვის დამნაშავეს ეძებ, მაგრამ არასწორია მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება. ერიკ გარსიას კრიტიკა უსამართლოა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც აქვს აწმყო და მომავალი.

თითოეული თამაში განსაკუთრებულია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც კარგად აკონტროლებს ბურთს, თუმცა ყოველთვის არის მომატების შესაძლებლობაც. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სტოკჰოლმში მეტის მიღწევა, მაგრამ.. ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე უნდა ვიფიქროთ”.