ფლიკის მოკრძალებული დებიუტი, ვერნერმა უგოლო სერია შეწყვიტა

0
12
Soccer Football - World Cup - UEFA Qualifiers - Group J - Liechtenstein v Germany - Kybun Park, St. Gallen, Switzerland - September 2, 2021 Germany's Timo Werner, Leroy Sane and Marco Reus celebrate after the match REUTERS/Arnd Wiegmann

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჰანსი ფლიკის დებიუტი შედგა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის J ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში გერმანელები სტუმრად ლიხტენშტაინს შეხვდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.

მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში ტიმო ვერნერმა გახსნა, რომელმაც კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 11 ოფიციალურ შეხვედრაში გოლი პირველად გაიტანა.

ლიხტენშტაინთან დაპირისპირებამდე, 25 წლის ვერნერმა ბოლოს 5 მაისს ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალის“ (2:0) კარი აიღო.

77-ე წუთზე გერმანელებიდან თავი ლეროი სანემ გამოიჩინა.

მე-60 წუთზე, თამაშში დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი მარკო როისი ჩაერთო, რომელსაც ნაკრებში 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. მან მაისში ევრო-2020-ზე წასვლა იუარა, რაც დასვენებისა და ძალის აღდგენის სურვილით ახსნა.

ფლიკის გუნდი 9 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ პოზიციაზე სომხეთია, რომელმაც სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულა აიღო – 0:0.