ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის ზონის შესარჩევ ციკლში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო.
ამჯერად, ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ჩილე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 64-ე წუთზე ერთადერთი გოლი ევერტონ რიბეირომ გაიტანა.
ბრაზილიამ განვლილ 7 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა, ხოლო 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 21 ქულით ლიდერობს.
მე-2 ადგილზე 15 ქულით არგენტინაა, რომელმაც გასვლაზე ვენესუელა 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა.
71-ე წუთზე, მარტინესის პასით მეორე გოლი კარლოს კორეამ გაიტანა, ხოლო 74-ე წუთზე ვენესუელელთა კარი ანხელ კორეამ აიღო.
ლიონელ მესიმ არგენტინელებს შეუცვლელად უკაპიტნა, მაგრამ ამჯერად გოლი არ გაუტანია.
მასპინძლებიდან ანგარიში სოტელდომ შეამცირა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე პენალტი გამოიყენა.
ეკვადორმა პარაგვაი მიიღო და 2:0 სძლია. მასპინძლებიდან 88-ე წუთზე თავი ფელიქს ტორესმა გამოიჩინა, ესტრადამ კი საბოლოო ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე დააფოქსირა.
ეკვადორელებს 12 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან.
პერუმ და ურუგვაიმ ქულები გაიყვეს – 1:1. ლიმაში გამართული შეხვედრის 24-ე წუთზე მასპინძლები ტაპიამ დააწინაურა. ურუგვაელებიდან ანგარიში დე არასკაეტამ გაათანაბრა.
ბოლივიამ კოლუმბია მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. 69-ე წუთზე, კოლუმბიელები როჯერ მარტინესმა წინ გაიყვანა, 83-ეზე კი საუსედომ საპასუხო ბურთი გაიტანა.
