საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევში ისევ მოუგებელია

0
5

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან მატჩი წესით მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს სამი ქულის აღების მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ჯგუფში სხვა მეტოქეებთან.

თუმცა, მოლოდინის საპირისპიროდ ჯგუფში თავისი პირველი სამი ქულა კოსოვომ აიღო, რომელმაც არსებობის ისტორიაში მუნდიალის საკვალიფიკაციოზე პირველად მოიგო. ქართველებს მსოფლიოს შესარჩევში 2012 წლის შემდეგ არ მოუგიათ. მაშინ, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ბელარუსს 1:0 აჯობეს.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბალკნელების გამარჯვება ბათუმში შემთხვევითი არ იყო. სტუმრებმა მასპინძლებზე გამართული ფეხბურთი ითამაშეს, რეალური სახიფათო მომენტებიც მეტი ჰქონდათ და ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვეს.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კვარაცხელიას არყოფნისას საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირს.

კოსოვოსთან დაპირისპირებამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ბათუმში 2 მატჩი ჩაატარა.

1994 წლის 21 ივნისს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიის „პალმეირასთან“ 0:1 დამარცხდა. მაშინ, სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ევაირმა გაიტანა. ქართველებიდან მე-15 წუთზე პენალტი რევაზ არველაძემ ვერ გამოიყენა. იმ „პალმეირასში“ ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ლეგენდა რობერტო კარლოსი თამაშობდა.

1997 წლის 7 ივნისს, მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოლდოვა 2:0 დაამარცხა. მასპინძლებიდან 27-ე წუთზე ანგარიში შოთა არველაძემ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე პენალტი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა.

ეს თამაშები ბათუმის ძველ სტადიონზე ჩატარდა, რომლის ნაწილი შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაანგრიეს, ხოლო მეორე ნაწილი – სააკაშვილის.

კოსოვოსთან შეხვედრას ბათუმის ახალმა არენამ უმასპინძლა, მაგრამ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული ვითარების გამო. ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.

სექტემბრის მატჩებისთვის ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში 5 დებიუტანტი გამოიძახა:

საბა ხვადაგიანი („დინამო“, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია („დინამო“, ბათუმი).

ამჯერად, სანიოლმა ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი), ლევან შენგელია (“ლუვენი”), ვაკო გვილია (უგუნდო), სოლომონ კვერკველია (უგუნდო),  ნიკა კვეკვესკირი (“ლეხი”), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“) არ გამოიძახა, ხოლო ლაშა დვალი (“ფერენცვაროში”) სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის მიზეზით გამოაკლდა. მან იმავე მიზეზის გამო ივნისში რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგური შეხვედრებიც გამოტოვა. მის ნაცვლად სანიოლმა გიორგი წიტაიშვილი მიიწვია, რომელიც თავის სადებიუტო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მან ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა.

ფანცულაია შეკრებაზე გამოცხადებამდე ტრავმა მიიღო და ის თანაგუნდელმა გიორგი ზარიამ შეცვალა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ვარჯიშზე გარემარბი საბა ლობჟანიძე დაშავდა და კოსოვოსთან შეხვედრა გამოტოვა.

ეროვნულ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, ხოლო ვილი სანიოლმა მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილს პირველად უხმო.

ასევე, ნაკრებს დავით ხოჭოლავაც დაეხმარება, რომელმაც მუნდიალის შესარჩევში საწყისი სამი შეხვედრაში კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა.

კოსოვოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი მილორ რაშიცა დააკლდა, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგის „ნორვიჩში“ გამოდის. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს წითელ ზონაში შეიყვანა და პრემიერ ლიგამ კლუბებს ნახსენებ ზონის ქვეყნებში ფეხბურთელები გაშვება აუკრძალა.

კოსოვოს ნაკრებს ბერსანტ სელინაც ვერ დაეხმარა, რომელიც თავის სატრანსფერო საქმეს აგვარებდა, ის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო „იფსვიჩში“ გადავიდა და ეროვნულ გუნდში ამიტომ ვერ გამოცხადდა.

კოსოვოსთან შეხვედრაში დაცვის ხაიხ ასე გამოიყურებოდა: ცენტრში გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა დაწყვილდნენ, მარჯვენა ფლანგი გრიგოლ ჩაბრაძეს ჩააბარეს, ხოლო მარცხენა – ირაკლი ზაროვს.

ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი აბურჯანია მოქმედებდნენ, მარცხნივ ვაკო ყაზაიშვილი თამაშოდა, მარჯვნივ კი – გიორგი წიტაიშვილი. სანიოლმა თავდასხმაში ადგილი ქვილითაიას ანდო.

საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი უიღბლოდ დაიწყო, რადგან მე-10 წუთზე კიტეიშვილი დაშავდა, რომელიც ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა. ამ უკანასკნელმა ადგილი მარცხენა ფლანგზე დაიკავა, ხოლო ყაზაიშვილმა გამთამაშებლის პოზიციაზე გადაინაცვლა.

მე-18 მარცხენა ფლანგიდან ბერიშას ჩაწოდების შემდეგ, „ლაციოს“ თავდამსხმელმა მურიქმა ხოჭოლავას დაასწრო და თავით ლორიას კარი აიღო – 0:1.

საქართველოს ნაკრებმა კოსოველთა კარის მიმართულებით პირველად 26-ე წუთზე დაარტყა, როდესაც წიტაიშვილმა თავისი მოპოვებული ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

33-ე წუთზე, წიტაიშვილმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდა შეჭრილი ყაზაიშვილი მოძებნა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კართან ახლოს მდგომ ჯიღაურს მიუვიდა და მის დარტყმულს მცველი გადაეფარა.

37-ე წუთზე, ახაროვმა მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ბალკანელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფი ქვილითაიას თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში შორი მანძილიდან სტუმართა კარს ჯიღაური დაემუქრა, მაგრამ მურჩიმა ბურთი ხელებში უპრობლემოდ დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჰადერგოინაიმ მარცხენა ფრთიდან ზუსტი პასით მურიქი მოძებნა, რომლსი თავურის შემდეგ ლორიას ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია.

54-ე წუთზე, კოსოვოელთა კონტრშეტევის დროს დრესევიჩმა სისწრაფეში ჩაბრაძეს აჯობა და ლორიასთან პირისპირ გასულმა დაარტყა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ  მოიგერია ბურთი, რომელსაც მურიქმა დაამატა და ამჯერად ნახტომში მეტოქეს „დააფარა“.

58-ე წუთზე, მარცხნიდან წიტაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და ბურთისთვის მიმართულების შეცვლას ყაზაიშვილი ეცადა, შემდეგ კაშიამ დაარტყა და პასი აბურჯანის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ახლოდან ვერ გაიტანა.

62-ე წუთზე, კასტრატის მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს ბურთი სახელში მოხვდა და კოსოვოელმა ამ ეპიზოდის შემდეგ, უხამსი ჟესტით სანიოლს მიმართა, რის გამო მასპინძელი ფეხბურთელები გაღიზიანდნენ, რასაც ფეხბურთელებს შორის კამათი მოჰყვა. ქართველებიდან ყველაზე მეტად კაშია აქტიურობდა.

საბოლოოდ კასტრატიმ სანიოლს მოუბოდიშა, ხოლო მსაჯმა მას და კაშიას ყვითელი ბარათი აჩვენა.

მე-80 წუთზე, დაცვაში კაში შეცდა და ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ბუტუკის მიუვიდა, რომელიც ერთ ქართველს გასცდა და მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.

84-ე წუთზე, მურიქმა ლორიას კარი კიდევ ერთხელ აიღო, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს და მიმდინარე შესარჩევში მეორე საშინაო შეხვედრა წააგეს. ისიც სათქმელია, რომ ქართველებმა ჯგუფში ყველაზე სუსტად კოსოვოსთან ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთთან გამართავს, რომელთან თბილისში 1:2 წააგო.

საქართველო – კოსოვო 0:1 (0:1)

2 სექტემბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. უმაყურებლოდ.

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი, 77), კანკავა (კ), წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური, 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე, 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე, 77),

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალტი, რაჰმანი (კ), ვოივოდა, ბერიშა (კრუეზიუ, 90+4), დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი, 67), რაშანი (შალა, 90+3), მურიქი, კასტრატი (ბუტუქი, 68).

მთავარი მწვრთნელი: ბერნარ შალანდი

გოლი: 0:1 მურიქი (18)

გაფრთხილება: ბერიშა (25), კაშია (63), კასტრატი (63), ხოჭოლავა (77), ჩაბრაძე (88), კრუეზიუ (90+6)

მთავარი მსაჯი: მიკოლა ბალაკინი (უკრაინა)