გოგიტა არქანია: ოჩამჩირე, ზუგდიდი, თბილისი, ტოკიო

0
95

კახა ბასილია, გოგიტა არქანია  და თენგიზ პაჭკორია, თბილისი, 2021 წელი

ოჩამჩირეში დაბადებული (1984) და 1993 წლამდე იქ მცხოვრები გოგიტა არქანია ბოლო წლებში პოპულარული გახდა არამარტო საქართველოში, არამედ ათეულობით ქვეყანაში. გოგიტას  პოპულარობის მიზეზები მარტივია-მისი შესანიშნავი შედეგები მსოფლიოსა და ევროპის პრესტიჟულ ტურნირებზე კარატეში და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება, მისი ფანტასტიკური შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა,  გულწფრელობა,  სამოქალაქო პოზიცია და განსაკუთრების ის, რომ ოჩამჩირედან დევნილმა ბიჭმა გადალახა უამრავი სირთულე, რომ გამხდარიყო მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენი.
დიდი ხანია ვიცნობ გოგიტას, ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის გზას დიდ სპორტში, მის ქცევას, ურთიერთობას სპორტსმენებთან, ქომაგებთან, ჟურნალისტებთან. ბევრი ვიცოდი მასზე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისგან კახა ბასილიასგან და კომენტატორ- რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისგან  ჯამლეტ ხუხაშვილისგან, რომლებიც 3-4 წლის წინ საჯაროდ, ტელევიზიით  აცხადებდნენ, რომ გოგიტა აუცილებლად მოიპოვებს ლიცენზიას ტოკიოს 2020 (2021) თამაშებზე, სადაც კარატე პირველად იყო წარდგენილი როგორც ოლიმპიური სახეობა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 37 წლის გოგიტამ დაიკავა მეხუთე ადგილი. გოგიტა  აგრძელებს სპორტულ კარიერას, მის  საინტერესო და რთულ წარსულზე, მის მომავალ გეგმებზე ჩვენ ვისაუბრეთ თბილისში ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ,  გოგიტა ვარჯიშობს და ემზადება ახალი საერთაშორისო ტურნირებისთვის.
– თქვენ ოჩამჩირელი ხართ. თქვენ გულსა და გონებაში როგორ დარჩა ქალაქი, სადაც 9 წლის ასაკამდე ცხოვრობდით, რომელიც ძალიან გენატრებათ?
– დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენ, ბატონო თენგიზ, როგორც სოხუმელს, კარგად გესმით თუ რას ნიშნავს იძულებითი მოწყვეტა მშობლიური ადგილიდან,მითუმეტეს, თუ  ეს ხდება ბავშვობის პერიოდში. ჩემი ოჯახის და ახლობლების ცხოვრება 1993 წლის სექტემბრამდე ოჩამჩირის რაიონში ძალიან კარგად მახსოვს, მახსოვს ისეთი დეტალები, რომელიც ერთი მხრივ მახარებს, მეორე მხრივ მაძლევს ძალას და იმედს, რომ საქართველო აუცილებლად მშვიდობიანად გაერთიანდება.  მე დავიბადე 1984 წლის  26 მაისს ოჩამჩირეში, მამა გოგი არქანია და დედა ქეთევან ელიავა ძალიან გახარებული ყოფილან რომ ბიჭი შეეძინათ, მე მყავს 2 წლის უმცროსი ძმა გენადი. ვცხოვრობდით ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში, სადაც მშობლები, ძმა, ბებია და ბაბუა (მამის მხრიდან) ცხოვრობდნენ, დედის მხრიდან ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ ოჩამჩირეში. სკოლამდე და ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის  საშუალო სკოლაში  სწავლის დროს გატაცებული ვიყავით ფეხბურთით – არც არის გასაკვირი, ოჩამჩირის რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი საფეხბურთო ტრადიციებით,  ჩვენ რაიონში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭებმა -ქართველებმა, აფხაზებმა, ბერძნებმა, სომხებმა   და სხვა ეროვნების ყმაწვილებმა -დიდი როლი შეიტანეს საქართველოს ფეხბურთის  განვითარებასა და საქართველოს  საუკეთესო კლუბების ( თბილისის «დინამო», ქუთაისის «ტორპედო», ლანჩხუთის «გურია»,  სოხუმის «დინამო» და ა.შ.) წარმატებებში. მამაჩემს, მილიციის ოფიცერს გოგი არქანია ყოველთვის დავყავდი ოჩამჩირის «ამირანის» საშინაო მატჩებზე (საქართველოს ჩემპიონატი), ჩემი მშობლები და ახლობლები გოგიტა არქანიაში მომავალ ფეხბურთელი ხედავდენენ (იღიმის).
– 1992-1993 წწ რუსეთთან ომმა უდიდესი ზიანი მიაყენა მთლიანად საქართველოს , მის ისტორიულად განუყოფელ  მხარეს-აფხაზეთს, ავტონომიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მათ შორის თქვენ. როგორ გახსოვთ  1992-1993 წწ ?
-კარგად მახსოვს ომის  პირველი დღეები, ომის პერიოდი, მახსოვს , რომ ომის დროს ჩვენი ოჯახის წევრები რამდენიმე თვე ვიყავით  მძევლად მრავალეროვან სოფელ კვიტოულში, მახსოვს ის, თუ როგორ მოხერხდა ჩვენი ოჯახის წევრების ეტაპობრივი განთავისუფლება, რაც ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის იმით, რომ ჩემ ბაბუას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი ქართულ და აფხაზურ მოსახლეობაში. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ოჩამჩირის და ავტონომიის სხვა რაიონებში ომის სიმწარე, ბევრი დაიღუპა, დაიჭრა ( დეტალები იხილეთ სტატიაში https://www.timer.ge/14-08-1992-rogor-mtsipdeboda-ruseth-saqarthvelos-omi/
1993 წლის აგვისტოს დასაწყისიდან 16 სექტემბრამდე იყო ზავის პერიოდი, ბევრს ქონდა იმედი, რომ დამყარდებოდა მშვიდობა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც  ესმოდათ ამ პროცესის მოჩვენებითობა, ამას ვიგებდი მე უფროსებისგან.  1993 წლის სექტემბრის ბოლოს აღმოვჩნდით ნათესავებთან გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში, სადაც მდებარეობდა სოხუმის აეროპორტი. 26 სექტემბერს ოჯახის რამდენიმე წევრმა, მათ შორის ბავშვებმა, მოვახერხეთ გაფრენა თბილისში, ჩემი ნათესავების ნაწილი ჩარჩა ოჩამჩირის რაიონში, ფაქტიურად მძევლად იყვნენ,  რამდენიმე თვის შემდეგ კეთილი და გავლენიანი ადამიანების დახმარებით მოხერხდა მათი გამოყვანა. ახლაც ყურში მესმის 1993 წლის სროლის ხმები, ტანკების გრუხუნი და ავიადაბომბვები.
-თქვენი ოჯახი აღმოჩნდა თბილისში, გოგიტამ კი კარატეს ვარჯიში დაიწყ ზუგდიდში.
– ოჯახის ნაწილი დასახლდა თბილისში, ბაგებში, დევნილების კორპუსებში, ნაწილი კი – მე, ბაბუა და ბებია ვიყავით ზუგდიდში. იქვე, მე-4 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, სტადიონთან ახლოს. თავიდან ფეხბურთზე ვფიქრობდი, თუმცა 11 წლის ასაკში  კარატეში დავიწყე ვარჯიში-ძალიან მომეწონა კარატე, მისი მებრძოლური სული. ჩემი პირველი მწვრთნელები ზუგდიდში იყვნენ გელა გოგოხია და მალხაზ პაჭკორია, შემდეგ კი მამუკა ყურაშვილი. მე გახვდი საქართველოს ჩემპიონი.  17 წლისას სტამბოლში “ბოსფორის თასი” მოვიგე (U-20 ). 2002 წლიდან -ზუგდიდში სკოლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავედი,  გავხვდი სპორტის აკადემიის სტუდენტი და გავაგძელე კარატეში ინტენსიური ვარჯიშები.  თავიდან ჩემი მწვრთნელი თბილისში იყვნენ გრიგოლ დარჩიაშვილი, შემდეგ ვარჯიშობდი კლუბ «ალიგატორში» (პრეზიდენტი -მანანა ვადაჭკორია),სადაც მწვრთნელი იყო აზერბაიჯანელი სპეციალისტი ხიდაედ შაბანოვი.  ვსარგებლობ შემთხევით და ყველა ჩემ მწვრთნელს და კოლეგას ვუხდი დიდ მადლობას. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს,მსოფლიოში აღიარებულ კარატისტს და სპორტის დიდ ორგანიზატორს ბატონ კახა ბასილიას, რომელიც   სულ მეხმარება და ზრუნავს ჩემ განვითარებაზე.
2005 წელს ესპანეთში, ტენერიფეში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე,  2008 წ. იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე,
2010 -2012 წწ ვცხოვრობდი და ვარჯოშობდი ყაზახეთში ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვთნელის ფარვიზ მანსუროვის მოწვევით, კერძო კლუბის სახელით გამოვდიოდი საკლუბო ტურნირებში, თუმცა საერთაშორისო ოფიციალურ შეჯიბრებებში კვლავ  საქართველოს წარმოვადგენდი.
2013 და 2018 წლების ევროპის ჩემპიონატებზე მესამე ადგილი დავიკავე, 2019 წელს მინსკში ევროპის მეორე თამაშებზეც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ჩემ სპორტულ კოლექციას 2014 წელს გერმანულ ბრემენში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალიც ამშვენებს- მაშინ ფინალში იაპონელ რიუტარო არაგას მოვუგე.
-ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ეს ძალიან რთული და საყურადღებო ისტორიაა?
-2016 წლიდან ინტენსიურად ვემზადებოდი ლიცენზიის მოსაპოვებლად-ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წლის ოლიმპიადზე  კარატე პირველად გახდებოდა ოლიმპიური სპორტის სახეობა. ბოლო წლებში ვვარჯიშობდი მწვრთნელებთან ნიკოლოზ წურწუმიასთან და თამარ მელუასთან ( საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კარატეში-ჩემი მეუღლე). ძალიან დიდი შრომა დამჭირდა , მაგრამ რთული გზის შემდეგ მოვიპოვე ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია( +75 კგ), რით როგორც მეუბნებიან გავახარე ძალიან ბევრი სპორტსმენი, მწვრთნელი, ქომაგი, საერთოდ უცნობი ადამიანი. შანსი მქონდა ამეღო ბრინჯაოს მედალი, ძალიან მოწადინებული ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, მეხუთე ადგილზე გავედი…
-37 წლის ბრძანდებით, კიდევ რამდენ ხანს აპირებთ იყოთ აქტიურ სპორტში და რას გეგმავთ შემდეგ?
-ალბათ, 2-3 წელი კიდევ ვიქნები აქტიურ სპორტში, შემდეგ ვაპირებ მწვრთნელად მუშაობას და მეტი დრო დავუთმო ოჯახს-მეუღლეს თათია მელუას, შვილებს 6 წლის ალექსანდრეს და ერთი წლის ნიკოლოზს, მშობლებს, ბებიას და ბაბუას (დედის მხრიდან).
ჩემი მიზანია, მოვამზადო ბევრი წარმატებული კარატისტი. ჩემი ოცნებაა საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება (მჯერა, მოვესწრები), ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში -საქართველოს ისტორიულ და ულამაზეს ნაწილში. 

თენგიზ პაჭკორიასაქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
ფოტოები გოგიტა არქანიას საოჯახო არქივიდან

გოგიტა არქანია კლასელებთან ოჩამჩირის რაიონში

გოგიტა არქანია მამასთან, დედასთან და ძმასთან, ოჩამჩირე

ზუგდიდი, გოგიტას პირველი ნაბიჯები კარატეში

ზუგდიდი, გოგიტა არქანია სენსეი მალხაზ პაჭკორიასთნ ერთად

გოგიტა არქანია და თათია მელუა