უეფამ ჟორჟინიო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

0
3

უეფას ვერსიით 2020-2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი, წარმოშობით ბრაზილიელი ჟორჟინიო გახდა.

ეს დღეს სტამბოლში გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გაირკვა.

ჟორჟინიომ გასულ სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო „სკუადრა აძურასთან“ ერთად ევრო-2020-ზე გაიმარჯვა.

გასული სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი ედუარდ მენდიმ („ჩელსი“) მიიღო, საუკეთესო მცველის – რუბენ დიაშმა („მანჩესტერ სიტი“), ნახევარმცველის – ნგოლო კანტემ („ჩელსი“), თავდამსხმელის – ერლინგ ჰოლანდმა („ბორუსია“, დორტმუნდი).

უეფას ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელი „ჩელსის“ გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი გახდა.