ფიბაში ქართველი მსაჯები რიცხვი და სტატუსი გაიზარდა

0
8

საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მსაჯების რაოდენობა და დამსახურება იზრდება. რამდენიმე დღის წინ ფიბა-ს ლიცენზია კიდევ ერთმა ქალბატონმა, მაკა შალამბერიძემ მიიღო, ხოლო მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა-ს მსაჯთა იერარქიულ საფეხურზე დაწინაურდნენ.

საქართველოს ისტორიაში აქამდე ერთადერთი ფიბა-ს ლიცენზირებული ქალბატონი ჰყავდა – მაკა კუპატაძე. ამიერიდან მას მოსახელე – მაკა შალამბერიძე შეემატა, რომელმაც 27 წლის ასაკში მიიღო ფიბა-ს ლიცენზია და ამიერიდან, სუპერლიგასა და შიდა ჩემპიონატებთან ერთად საერთაშორისო მატჩებს მოემსახურება.

ამავდროულად, ფიბა-მ ეგრეთ წოდებული შავი ლიცენზია მიანიჭა მიხეილ ვართანოვსა და კირილე თვაურს. ორივე მათგანი წელიწადზე მეტია, ფლობენ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზიას, თუმცა მათ აქამდე ტურნირების მომსახურების არეალი შეზღუდული ჰქონდათ. შავი ფერის ლიცენზიის მიღების შემდეგ კი ვართანოვს და თვაურს ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ტურნირის მატჩების მომსახურება შეუძლიათ.

ფიბა-ს სანაკრებო და საკლუბო ტურნირები შემოდგომიდან განახლდება და საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ქართველი მსაჯებიც საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ვართანოვთან, თვაურთან და შალამბერიძესთან ერთად საქართველოს კიდევ 2 ფიბა-ს ლიცენზირებული არბიტრი ჰყავს – მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ლიცენზირებულ მსაჯთა რიცხვი 5-ს შეადგენს.