საქართველო სლოვაკეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა

0
6

საქართველოს ნაკრებმა ძალიან დასანანი მატჩი დათმო სოფიაში, ფიბა-ს 16-წლამდელთა ევროჩელენჯერის სადებიუტო შეხვედრაში. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მიღებული სამქულიანით – 76:77 დათმეს სლოვაკეთთან მატჩი, რომელშიც 36:31 წუთის განმავლობაში ლიდერობდნენ და ერთ ეპიზოდში 14 ქულითაც.
სწორედ 14-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა პირველი პერიოდის ბოლოს. საქართველომ საწყის მეოთხედში 8 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო და 2-წუთიან შესვენებაზე 30:16 იგებდა. ტომარაძის გუნდს თითქოს არაფერი ემუქრებოდა, თუმცა მეორე მეოთხედში სლოვაკებმა პერიმეტრი გადაკეტეს და ჩვენს ბიჭებს ფარქვეშ ჯაბნიდნენ. შედეგად ჩამორჩენა გააბათილეს და დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა დიდ შესვენებამდე ქართველებმა ლიდერობა დაიბრუნეს და გასახდელში 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 50:46.
საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდში სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა და პერიოდის მოგებით ბოლო ათწუთეულის წინ ხელჩასაჭიდი – 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ბოლო პერიოდში გათამაშდა დრამა. საქართველო 5 ქულით, 74:69 იგებდა, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ნაკლები რჩებოდა, სლოვაკებმა მედგარი დაცვისა და შეტევაში უკეთ გარჯის ხარჯზე საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
2 ქულით დაწინაურებული საქართველო ბოლო წუთზე უტევდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმომდე მიტანილი ბურთი დაკარგა და სლოვაკებს შესატევად 24 წამი დარჩათ. ქართველებმა ერთხელ ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, შემდეგ დაცვაში იყოჩაღეს და მეტოქეს არ ჩააგდებინეს. აცილებული ბურთი ქართველებს პირით ხაზს მიღმა გაექცათ და შეტევა სლოვაკებს დარჩათ. წუთშესვენებაზე დაგეგმილი კომბინაცია სლავებმა ზუსტად გაითამაშეს და შეხვედრის განახლებიდან3 წამში, ანუ დასრულებამდე 7 წამით ადრე ლიუბომირ ურბანმა მაროშ შიმკოს პასით გამარჯვების სამქულიანი კუთხიდან ჩააგდო.
ქართველებს შესატევად საკმარისი დრო და რაც მთავარია, წუთშესვენება დარჩათ, რომელიც, ცხადია, აიღეს და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმეს. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე ვერც ნიკოლოზ აბულაძემ ჩააგდო და ვერც თენგო გოგიშვილმა.
ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ლუკა ლომიძემ დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 12-12 ქულა დააგროვეს ნიკა აბულაძემ და ლუკა ალავიძემ. 11-11 ქულა გიორგი ბერუაშვილისა და თენგო გოგიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს კვიპროსს დაუპირისპირდება, რომელიც უნგრეთთან 24 ქულით დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.