ბენზემამ ლა ლიგაში სეზონი დუბლით გახსნა

0
4

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

სეზონის წინ გუნდში დაბრუნებული იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა სტუმრად „ხეტაფე“ 4:1 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ სამ წუთში აზარის მიერ ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ქარიმ ბენზემამ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

56-ე წუთზე, ლუკა მოდრიჩის კარგი გადაცემის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ნაჩომ ვარდნაში გაიტანა.

62-ე წუთზე, ვალდერდემ ბურთი მოედნის ცენტრიდან „წამოიღო“, რამდენიმე მცველ ორიგინალური ფინტით გასცდა და საჯარიმოში მყოფი ბენზემა მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

65-ე წუთზე, ედერ მილიტაომ უკნა ცუდად დაუბრუნა ბურთი კურტუას, რომელსაც გუიდეტი დაასწრო, ხოლო ბელგიელმა მეკარემ მეტოქე თავის საჯარიმოში წააქცია. მსაჯის დანიშნული პენალტი ზუსტად ხოსელუმ დაარტყა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, ავსტრიელმა ალაბამ, რომელსაც „რეალში“ დებიუტი ჰქონდა მარცხენა ფლანგიდან პასი მასპინძლების კართან ახლოს მდგომ ვინისიუს ჟუნიორს გაუკეთა, ხოლო ბრაზილიელმა თავით გაიტანა.

2021 წელს ბენზემამ ლა ლიგაში 17 გოლი გაიტანა და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბარსელონადან“ წასულ ლიონელ მესის აქვს – 23 ბურთი.

ბენზემამ „რეალში“ 560-ე მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში მე-10 შედეგია.მადრიდელთა რეკორდსმენი რაულია 741 თამაშით.

კურტუასთვის „ხეტაფესთან“ შეხვედრა მადრიდული კლუბის მაისურით მე-100 აღმოჩნდა. ის „რეალში“ 2018 წლის ზაფხულში ჩაირიცხა.