3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი თბილისის ტურით ლისის ტბაზე გაიხსნა

0
3

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში დაიწყო. ტურნირს, რომელიც საკალათბურთო საზოგადოებაში Geotour-ის სახელით დამკვიდრდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია 2014 წლიდან ატარებს და იგი წლეულს მეშვიდედ იმართება. Geotour-ი ფიბა-ს ლიცენზირებულ მოედანზე ტარდება და იგი ფიბა-ს 3×3 კალათბურთის ოფიციალურ კალენდარშია ჩასმული. ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო.

ბოლო პერიოდში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო Geotour-ის თბილისური შესარჩევი ტურნირი რეგულაციების დაცვით, ლისის ტბაზე ჩატარდა. ყველა მონაწილემ წარმოადგინა ბოლო 24 საათში გაკეთებული კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი. სახელმწიფო რეგულაციების გამო თბილისის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა ლიმიტირებული იყო და 10 გუნდით განისაზღვრა.

Geotour-ის გათამაშების ფორმატის თანახმად ფინალური ტურნირისთვის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილ ტურებში ირჩევა. როგორც 3×3 კალათბურთის ყველაზე მსხვილ ბაზას, თბილისს ფინალურ ტურნირში 6 ადგილი აქვს, ხოლო დანარჩენი ქალაქებიდან მხოლოდ თითო გუნდი შეირჩევა.

ლისის ტბაზე გამართული თბილისის შესარჩევი ტურნირის მონაწილეები 3 ჯგუფში განაწილდნენ. დებულების თანახმად, თითო გუნდში 2 სუპერლიგის კალათბურთელს შეეძლო თამაში. საინტერესო ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფში 4 გუნდი გავიდა, რომლებიც ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ. Scooby-მ Easy Money 16:14 დაამარცხა, ხოლო Urban Basket-მა GGG-ს 18:14 მოუგო. ფინალშიც საინტერესო ბრძოლა შედგა, რომელშიც Urban Basket-მა (ვახტანგ ქადარია, გიორგი ცხოვრებოდი, ლუკა გიორგაძე, გიორგი ცირიკიძე) 18:14 სძლია Scooby და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ქადარია დასახელდა. გამარჯვებულმა გუნდმა თასთან ერთად საპრიზო 300 ლარიც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპის მომგები გუნდისთვის, რომელიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, საპრიზო 2500 ლარია დაწესებული, ხოლო ფინალისტი 2000 ლარს მიიღებს.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისის შესარჩევიდან 6 საუკეთესო გუნდი – Urban Basket, Scooby, Easy Money, GGG, Ninetales და  Corner Shop ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. შემდეგი შესარჩევი ტურები ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში შესარჩევი ტურები მას შემდეგ ჩატარდება, რაც მოიხსნება სპორტულ და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვაზე ახლახანს დაწესებული შეზღუდვები.