ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგას ღირსეულად დაემშვიდობა

0
4

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაასრულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ დაპირისპირებაში შინ „სივასფორთან“ 1:2 დამარცხდნენ, მაგრამ სტუმრად ძირითად დროში გაიმარჯვეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, თურქებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს და პლეი-ოფში გავიდნენ, თუმცა ბათუმელების მიმართ სასაყვედურო არაფერი გვეთქმის. „დინამო“ ერთადერთი ქართული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ამ სეზონში ევროთასებზე 2 საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და პლეი-ოფში მოსახვედრად ცოტა დააკლდა.

მეტიც, მხოლოდ შავიზღვისპირელებმა მოახერხეს გასვლაზე ძირითად დროში 3 თამაშის მოგება.

სივასში ჩატარებულ შეხვედრაში ბათუმელებს მეკარე კუპატაძე კორონავირუსის გამო დააკლდათ, ხოლო ნახევარმცველმა გაფრინდაშვილმა პირველ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

პირველი ტაიმი საგოლე მომენტებით მწირი აღმოჩნდა 26-ე წუთზე, ოზგუნმა აუტიდან ბურთი პირდაპირ სტუმართა საჯარიმოში ჩააგდო და ჯეიმსის თავურის შემდეგ, ალავიძემ საიმედოდ ითამაშა.

ტაიმის მიწურულს სტუმართა შეტევა ჯიღაურმა წამოიწყო და პასი სივასელთა საჯარიმოში შეჭრილ ბრაზილიელ ფლამარიონს გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში თურქების კონტრშეტევა ახლო მანძილიდან დარტყმით დასრულდა და ალავიძემ ისევ იყოჩაღა.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში თურქების კარს შორის მანძილიდან აზაროვი დაემუქრა და ვურალს ბურთის ხელებში დაჭერა არ გაჭირვებია.

მალე „დინამოს“ შეტევა ტეიდმა დაასრულა, რომელმაც მოწინააღმდეგის მისადგომებიდან ძლიერად, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა.

63-ე წუთზე, ფანცულაიამ საუცხოოო სოლო რეიდი გაანხორციელა – მარჯვენა ფლანგზე გვერდი ერთ მეტოქეს აუარა, შემდეგ საჯარიმოში კიდევ სამ თურქს გაექცა, რის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთმა ძედა ძელი შეაზანზარა, ხოლო ფლამარიონმა არაზუსტად დაამატა.

76-ე წუთზე, ჩაბრაძემ მარჯვენა ფრთაზე კარგად ითამაშა და „სივასფორის“ საჯარიმოში ალთუნაშვილი მოძებნა, რომელმაც კარგი პოზიციიდან შეუჩერებლად ძალიან არაზუსტად დაარტყა.

78-ე წუთზე, ალთუნაშვილმა საუცხოო პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ტეიდს, რომელმაც ერთი შეხებით გადაცემა კარის წინ მდგომ ფანცულაიას მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

გატანილი გოლიდან მცირე დროში, თანაგუნდელებმა დასარტყმელ პოზიციაზე ფლამარიონი გაიყვანეს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.

85-ე წუთზე, მასპინძლების კუთხურის შემდეგ, ბურთი ფელიშს დარჩა, რომელმაც ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა.

96-ე წუთზე, ჩაბრაძემ ორი თურქი „მოატყუა“  და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – ბურთი კარს არცთუ დიდი მანძილით ასცდა.

105-ე წუთზე, „სივასფორის“ კონტრშეტევის დროს გრადელმა ქართველების საჯარიმოში ბურთი ფელიქსს გადააწოდა, რომლის დარტყმის მერე ალავიძემ ნახტომში „დინამო“ ფოლის გაშვებისგან იხსნა.

109-ე წუთზე, „ჯარიმის’ შესრულების დროს თურქმა ფეხბურთელმა ბურთი ბათუმელთა საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჯერ გრადელმა ვერ დაარტყა კარგად, შემდეგ იმავე ვატარაბემ გაიმეორა, მაგრამ პასი გამოუვიდა ფელიქსის მისამართით, რომელიც ქუსლით გატანას შეეცადა და ალავიძე გადაეღობა, მაგრამ ესპანელმა ანგარიში მაინც გაათანაბრა.

დარჩენილ დროში მეტი გოლო არ გასულა და „სივასფორი“ პლეი-ოფში გავიდა, სადაც „კოპენჰაგენს“ შეხვდება, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის.

 

„სივასფორი“ (თურქეთი) – „დინამო“ (ბათუმი) 1:1 (0:1)

12 აგვისტო. სივასი. სტადიონი „4 სექტემბერი“.

„სივასი“: ვურალი, ილმაზი (გრადელი, 59), ოსმანფაშა, ფაჯრი (ფელიქსი, 81), ჩიფტჩი, ალტინაი, არსლანი (კ) (ერდალი, 103), აზუბუიკე, ოგუზი (კოფი, 69), ჯეიმსი (იატარაბე, 59), კაიოდე.

მთავარი მწვრთნელი: რიზა ჩალიმბაი

„დინამო“ (ბთ.): ალავიძე, კობახიძე (კ), აზაცკი, ჩაბრაძე, აზაროვი, ალთუნაშვილი (გროცურეკი, 113), ტეიდი (გაგოშიძე, 113), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე, 102), მანჯგალაძე (ფანცულაია, 46), ჯიღაური (ნავალოვსკი, 73), ფლამარიონი (ნიქაბაძე, 85).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლი: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (109)

გაფრთხილება: მანჯგალაძე (2), ოგუზი (25), ფაჯრი (44), ტეიდი (108), ფელიქსი (110), ნავალოვსკი (118).

მთავარი მსაჯი: რიკარდო დე ბურგოსი