გია გეგუჩაძე: “მნიშვნელოვანი იქნება, ორივე ტაიმი სრული კონცენტრაციით ჩავატაროთ”

0
6

ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ სათანადო განწყობის შემთხვევაში მის გუნდს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად “სივასფორთან” მატჩში წარმატების შანსი ექნება.

მან ამის შესახებ ხვალ სივასში გასამართ მატჩამდე განაცხადა.

გია გეგუჩაძე:”გუნდში ნორმალური განწყობაა – ჩვეულებრივი, წინასამატჩო. არ იქნება იოლი თამაში. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან რთული მატჩისა და მით უმეტეს, ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. თუმცა ვფიქრობ, სათანადო განწყობის შემთხვევაში შანსი გვექნება. ვგულისხმობ ფეხბურთელების ხასიათს, თორემ მათ ოსტატობაში ეჭვი არ მეპარება.

საკმაოდ შეკრული და კარგი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი გვყავს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, ორივე ტაიმი სრული კონცენტრაციით, შემართებით, მონდომებითა და მტკიცე ხასიათის გამოვლენით ჩავატაროთ.

რა თქმა უნდა, არ იყო სასურველი ზარიას, კუპატაძისა და გაფრინდაშვილის გამოკლება და კარგი იქნებოდა გუნდში მათი ყოფნა. რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, მას ვარჯიშზე დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ.

დავიმატეთ ცენტრალური ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. ნახევარდაცვა ისეთი რგოლია, ყველაზე მეტი ფეხბურთელი აქ უნდა გვყავდეს. ვძლიერდებით და ეს ბუნებრივია”.

ბათუმის “დინამომ” შინ პირველი თამაში 1:2 წააგო. ხვალ, საპასუხო მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.