მამუკელაშვილის საზაფხულო დებიუტი “მილუოკიში”: 11 ქულა, 12 მოხსნა

0
2

ლას ვეგასში დაიწყო ნბა-ს ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საზაფხულო ლიგა, რომელშიც დრაფტზე ახალაყვანილი მოთამაშეებიც მონაწილეობენ და ისინიც, რომლებიც არავინ არ აირჩია ან უბრალოდ, პერსპექტიულები არიან და ნბა-ს კლუბების დასანახად თავის გამოჩენა უნდათ.

ლას ვეგასშია 2 ქართველი – დრაფტზე “მილუოკი ბაქსის” მიერ აყვანილი სანდრო მამუკელაშვილი და დრაფტზე უგუნდოდ დარჩენილი გიორგი ბეჟანიშვილი, რომელიც “დენვერ ნაგეთსის” მაისურით ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და ამ გზით კონტრატქის დამსახურებას.

კონტრაქტი უკვე აქვს მამუკელაშვილს, რომელიც მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკიმ” დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა. სანდროს “ხარირმებმა” (Bucks) ორმხრივი კონტრაქტი გაუფორმეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქართველ ფორვარდს ნბა-ში, მილუოკელთა მაისურით მაქსიმუმ 50 მატჩის ჩატარების უფლება აქვს, დანარჩენ დროს კი ნბა-ს განვითარების ლიგაში, მილუოკელთა სატელიტ გუნდ “ვისკონსინ ჰერდში” გაატარებს.

თუმცა სანდრომ ისე დაიწყო, მასზე მილუოკელები მეტ ავანსებს გასცემენ. მამუკელაშვილმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის სადებიუტო მატჩში “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ორმაგი დუბლი მიითვალა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში “მილუოკი ბაქსმა” 81:78 მოიგო და სანდრო მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ.

პირველ ტაიმში მილუოკილები 18 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მეტოქეს დაწევის საშუალება მისცეს და ბოლო წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მამუკელაშვილის დაფარება საფინალო სირენამდე 1:06 წუთით ადრე: როდესაც ანგარიშში სხვაობა „ბაქსის“ სასარგებლოდ 77:76 იყო, სანდრომ ეფექტურად დააფარა, ბურთი თავად დაიჭირა, თანაგუნდელს გადააწოდა და სწრაფი შეტევით მილუოკელები 79:76 დაწინაურდნენ. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

ქართველ ფორვარდს 6 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, 6 კი შეტევაში, 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ორჯერ ესროლა (ორჯერვე არაზუსტად) და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს აქტივში მთლიანობაში 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მამუკელაშვილს 3 დაკარგვა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მისი +/- კოეფიციენტი +8 გახლდათ.

დაფარებაზე და ორმაგ დუბლზე მთავარი წუთობრივი მაჩვენებელია – მწვრთნელებმა სანდრო მოედანზე 29 წუთით დატოვეს. ასეთი რამ საზაფხულო ლიგებზე ხშირად არ ხდება, მხოლოდ იმ კალათბურთელებს ათამაშებენ ბევრს, რომლებსაც ძირითად გუნდში დატოვების მთავარ კანდიდატებად განიხილავენ.

„მილუოკი ბაქსი“ საზაფხულო ლიგაში მომდევნო მატჩს 12 აგვისტოს, „ბრუკლინთან“ გამართავს.

რაც შეეხება ბეჟანიშვილს, მისმა “დენვერმა” 20 ქულით – 77:97 წააგო “მაიამისთან”. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა  შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 14:37 წუთში კი 4 ქულა და 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) მიითვალა. გიორგიმ პერიმეტრიდან ერთხელ არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან კი 3-იდან 2 ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 3 დაკარგვა და 5 პერსონალური ფოლი იყო.