ორი ავტოგოლი და ბათუმელთა მორიგი სამი ქულა

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გიორგი ნავალოვსკიმ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და ანდრო გიორგაძემ ავტოგოლი გაიტანა.

28-ე წუთზე, ანგარიში გათანაბრდა და ამჯერადაც ავტოგოლი გავიდა – ბათუმელთა საჯარიმოში მყოფმა პავიშიჩმა კარის გასწვრივ ჩააწოდა და გაგი მარგველაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-80 წუთზე, ირაკლი აზაროვის პასის მერე ვლადიმერ მამაუჩაშვილმა „სამტრედიას“ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი შიდა ტერფით „მოჭრა“ და მასპინძლები დააწინაურა – 2:1.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლაშა შინდაგორიძე მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შესულმა ბურთი კარის წინ მდგომ გიორგი ნიქაბაძეს გადააწოდა, რომელმაც წერტილი დასვა – 3:1.

„სამტრედიაში“ გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა, რომელსაც კაპიტნის სამკლავური ეკეთა, მაგრამ ჯერ თავისი საუკეთესო სათამაშო ფორმისგან აშკარად შორსაა.