ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის სეზონი განახლდა

0
3

ხანმოკლე შესვენების შემდეგ, დღეს, ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშება განახლდა. 7 აგვისტოს დაგეგმილი 4 შეხვედრიდან, ერთი მატჩი, ხობის „კოლხეთსა“ და „ლანჩხუთს“ შორის გადაიდო. დანარჩენი სამი  კი, გორში, ბათუმსა და თბილისში პრინციპულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, ერთი ტური რჩება.

ტურნირის დებულების თანახმად, პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდი, საქართველოს 2021 წლის ჩემპიონობისთვის დაიწყებს ბრძოლას. ბოლო ოთხ ადგილზე გასული გუნდი კი, ქვედა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის მონაწილე გუნდს გამოარკვევს. ბოლო ადგილოსანი, მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს. 13 ტურის შემდეგ, გათამაშებას, ერთპიროვნულად, „ლანჩხუთი“ ლიდერობს.

პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის „ნორჩი დინამო“, რომელმაც დღეს ბათუმში, „ბათუმი“ 0-3 დაამარცხა. თბილისელებმა, ანგარიში, მე-3 წუთზე სწრაფი გოლით გახსნეს. ლიკა მანუჩარიშვილმა, ამავე ტაიმში დუბლიც გაიფორმა 26-ე წუთზე. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა მარიამ მოდრეკილაძემ, აჭარული გუნდის კარში მესამე გოლიც გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, „ნორჩი დინამო“ ცხრილის მე-5 საფეხურზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ხობის „კოლხეთს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

წლევანდელ გათამაშებაში მორიგი მარცხი განიცადა, ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“. იმერლებს 13 ტურის შემდეგ, მხოლოდ 1 თამაში აქვთ მოგებული და 1 ფრედ დასრულებული. ამჯერად ქუთაისელები, გორში, „პარკი არენაზე“ „გორი იუნაიტედთან“ დამარცხდნენ.

მე-8 წუთზე ანგარიში ელენე ენჯიბაძემ გახსნა. 31-ე წუთზე, მარიამ ხარგელიამ წონასწორობა აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი, გორელთა გოლეადორმა ეთერ სულაშვილმა, გუნდის დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, მატჩს მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე, გამოცდილმა ანა პოღოსიანმა, გორელებს საჭირო 3 ქულა მოუტანა. „გორი იუნაიტედმა“ 2-1 მოიგო.

სათასო შეხვედრის შემდეგ, თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის ცენტში „ნიკე“ და „კვარტალი“ დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული გამოდგა და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში, ვერც ერთმა გუნდმა ანგარიშს გახსნა ვერ მოახერხა. 65-ე წუთზე კი, „კვარტალის“ ერთ-ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიზი კანკიამ, საკუთარი გუნდი დააწინაურა. 14 წუთში, ლელა ჭიჭინაძემ, ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი და გუნდს ქულა გადაურჩინა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.

***

ასევე განახლდა ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება. ხაშურში, ამბროლაურსა და მცხეთაში, მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.

„ივერია“ 7-1 „ქარიშხალა“

„რაჭა 2020“  1-1 „ფენიქსი“

„დიდგორი“ 2-2 „ბახტრიონი“

ქალთა ლიგა 2-ში ამ ტურის ერთი მატჩი გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება. გათამაშებას რვა ტურის შემდეგ, 21 ქულით სოხუმის „დინამო“ ლიდერობს, რომელსაც, უშუალო მდევართან ხაშურის „ივერიასთან“ შედარებით, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.