„დილამ“ ჩემპიონატი წყალტუბოში გამარჯვებით განაახლა, „ლოკომოტივმა“ ავტოგოლით მოიგო

0
3

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა რიხიანად განაახლა და 22-ე ტურში სტუმრად 3 ქულა აიღო „სამგურალთან“, რომლის დამარცხება წყალტუბოში მიმდინარე სეზონში ნებისმიერ გუნდისთვის რთული საქმეა.

გორელებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, როდესაც ბრაზილიელი ვანდერსონ სილვას გადაცემის შემდეგ გვინეელი უსმანე კამარა ორ წყალტუბოელს გაცდა, შემდეგ მეტოქის საჯარიმოში გვერდი კიდევ ერთ ფეხბურთელს აუარა და ეფექტური გოლი გაიტანა.

22-ე წუთზე რომარიკ ეტოუ თავის ნახევარზე შეცდა და რაფიქ ამინუმ ქუსლით გაუკეთა პასი გუნდის კაპიტან პაპუნა ფონიავას, რომელიც იმავე ეტოუმ წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ფონიავამ შეასრულა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

იმ ეპიზოდში ეტოუმ ტრავმა მიიღო – ორ ადგილზე ფეხი მოტყდა და ის რუანდელმა მცველმა ტიერი მანზიმ შეცვალა, რომელსაც გორელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. სხვათა შორის, მანამდე ამ ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოს ჩემპიონატში არ უთამაშია.

მეორე ტაიმში გორელთა 20 წლის თავდამსხმელის ნიკა გაგნიძის ბენეფისი შედგა, რომელმაც თავის კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა.

მან „სამგურალის“ კარი ჯერ მე-60 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის მერე აიღო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მცველებს დაასწრო და ახალო კუთხეში გაიტანა.

მან მატჩში წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დასვა, როცა მალაველი მადნგას გადაცემის მერე ბურთი ვერ დაიმორჩილა, თუმცა კარიდან გამოსული მეშველიანიც შეცდა და გაგნიძემ მასპინძელთა კარი უპრობლემოდ აიღო.

სათამაშო დღის მეორე მატჩში თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოში ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

მასპინძლებმა 3 ქულა ქობულეთელი  კახა კაკაშვილის ავტოგოლის წყალობით აიღეს. 29-ე წუთზე, მარცხნიდან ბექა დარცმელიამ კუთხური ჩააწოდა და ბურთი სტუმართა ნახვარმცველს ზურგში მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.

“ლოკომოტივში” დებიუტი ნიდერლანდელ მეკარე სპენკელინკს ჰქონდა, რომელიც თბილისელებმა “ვალენსიაში” წასული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად დაიმატეს.

ხვალ, 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება – ცენტრალური დაპირისპირება „დინამო არენაზე“ შედგება, სადაც თბილისის „დინამო“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მიიღებს.

ბათუმში ადგილობრივი „დინამო“ გათამაშების აუტსაიდერ „სამტრედიას“ შეხვდება.