ლიონელ მესი „ბარსელონადან“ წავიდა

0
11

„ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ კლუბი ლიონელ მესისთან, რომელიც თავისუფალი აგენტია, ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კლუბი და ლეო მესი შეთანხმდნენ, რის შემდეგ, დღეს ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდნენ, ეკონომიკური და სტრუქტურული წინააღმდეგობების გამო, რომლებიც ლა ლიგის ნორმებს უკავშირდება, დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმება შეუძლებელია.

ამ სიტუაციიიდან გამომდინარე, ლიონელ მესი „ბარსელონას“ აღარ წარმოადგენს. მხარეები ღრმა სინანულს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბისა და მოთამაშის სურვილი ვერ შესრულდება.

„ბარსა“ მთელი სულითა და გულით მადლობას უხდის მოთამაშეს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ ცხოვრებაში“- ნათქვამია „ბარსელონას“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის რეგლამენტის თანახმად ფეხბურთელების ხელფასზე გარკვეული ზღვარია დაწესებული. ლა ლიგის თითოეული კლუბისთვის ეს ლიმიტი ინდივიდუალურია და შემოსავალ-გასავალზეა დამოკიდებული.

შესაბამისად, იმ კლუბებს, რომლებმაც სახელფასო ლიმიტს გადააჭარბეს, ახალწვეულების დარეგისტრირება შეზღუდული აქვთ. მათი დარეგისტრირებისთვის კლუბი სხვა ფეხბურთელებს უნდა დაემშვიდობოს და ამასთანავე, ჯამში ახალი მოთამაშეების ხელფასი  წასულების საერთო ანაზღაურების 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მაგალითისთვის, თუ აგუეროსა და „ბარსას“ სხვა ახალწვეულების ხელფასი წელიწადში საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო იქნება, მაშინ, კლუბმა მათ დასარეგისტრირებლად სახელფასო ფონდი 200 მილიონი ევროთი უნდა შეამციროს.

სწორედ, ეს იგულისხმებოდა “ბარსელონას” განცხადებაში, როდესაც კლუბი მიუთითებდა ეკონომიკურ და სტრუქტურულ წინააღმდეგობებზე, რომლებიც ლა ლიგის ნორმებს უკავშირდება.

მესი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2003 წლიდან თამაშობდა. მან ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი 7-7-ჯერ, ჩემპიონთაა ლიგა 4-ჯერ, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-3-ჯერ მოიგო.

მან ყველა ტურნირში “ბარსას” მაისურით ჩატარებულ 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე პასი გააკეთა.