ბათუმელთა დრამატული მარცხი”სივასფორთან”

0
3

ბათუმის „დინამომ” კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი „სივასფორთან“ შინ ჩაატარა, რომელიც 1:2 წააგო.

გია გეგუჩაძის გუნდისთვის მატჩი დრამატულად წარიმართა და დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომების გამო მასპინძლები ბოლო წუთზე დამარცხდნენ. არადა, თამაშის მსვლელობა ამას ნაკლებად მოასწავებდა, რადგან დინამოელებს მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ და რიგ ეპიზოდებში სივასელებზე უკეთესად თამაშობდნენ.

პირველ ტაიმში მცირე სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მეტოქის კარს ორჯერ სახიფათოდ დაემუქრნენ.

33-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ირაკლი აზაროვმა პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც თურქების მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ბათუმელებმა კუთხური ჩააწოდეს და უკრაინელმა მცველმა აზაცკიმ ახლო მანძილიდან ნახტომში თავით დაარტყა – ბურთი სტუმართა ფეხბურთელს შეეხო და პირითი ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯს ეს გამოეპარა.

50-ე წუთზე, იატაბარემ კარგი პასით კაიოდე ფაქტობრივად კუპატაძესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ აზაროვმა საუცხოო ვარდნით სტუმართა მოთამაშეს არ დაარტყმევინა.

54-ე წუთზე, ალტინაიმ თავისი საჯარიმოს თითქმის ხაზთან ფლამარიონი წააქცია და მსაჯმა „ჯარიმა“ დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელები ახტნენ, ხოლო დაბალი ტრაექტორიით წასული ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში შევარდა – 1:0.

67-ე წუთზე, შეტევაში მყოფი ფლამარიონი კარიდან გამოსულ ვურალს შეეჯახა და დაეცა. თურქების მეკარე ბრაზილიელ ფორვარდს „თავზე დაადგა“ და პრეტენზიებს გამოთქვამდა.

ამასობაში თანაგუნდელის მხარდასაჭერად ბათუმელი ფეხბურთელებიც მივიდნენ და ცხარე კამათი საბედნიეროდ ჩხუბში არ გადაიზარდა. თუმცა, „სივასფორის“ კაპიტანმა არსლანმა მასპინძელთა ერთ-ერთ მოთამაშეს ხელი უბიძგა და მოედანზე წააქცია, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო, ისევე როგორც ვურალმა.

75-ე წუთზე, ფაჯრმა მარცხენა ფლანგიდან მასპინძლების საჯარიმოში მდგომი ნიგერიელი ჯეიმსი მოძებნა, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ ეპიზოდში მასპინძლები კუპატაძემაც ვერ იხსნა, რომელმაც გოლი ახლო კუთხეში გაუშვა.

82-ე წუთზე, სტუმრების ნახევარზე მყოფმა გაფრინდაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და საჯარიმოსთან მიახლოების დროს ოდნავ ცენტრისკენ შეწევის შემდეგ დაარტყა – ბურთი კარს გადაცდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ფაჯრმა მარჯვნიდან ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც კაიოდემ კობახიძეს აჯობა და თავითა დაარტყა – კუპატაძემ ნახტომში ბურთი მოიგერია, მაგრამ იმავე კაიოდემ ჩაბრაძეს დაასწრო და სტუმრებს მოაგებინა.

ბათუმელებს დაპირისპირების ფრედ დასრულება შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წუთზე “სივასფორის” საჯარიმოში შესული ნიქაბაძის მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი ვურალმა მოიგერია და სტუმრები გოლის გაშვებისგან იხსნა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველ და თურქ ფეხბურთელებს შორის ისევ დაიძაბა სიტუაცია, რომლის განსამუხტად საქმეში მსაჯების გარდა, ორივე გუნდის სტაფის წევრები ჩაერთვნენ. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთმ თურქმა ჩაბრაძეს ხელი ჰკრა და ქართველი მცველი მოედანზე დაეცა.

ბათუმის „დინამო“ საპასუხო შეხვედრას თურქეთში 12 აგვისტოს ჩაატარებს.

„დინამო“ (ბთ) – „სივასფორი“ (თურქეთი) 1:2 (0:0)

5 აგვისტო. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.

„დინამო“ (ბთ): კუპატაძე, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნიქაბაძე, 90+2), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე, 80), მანჯგალაძე (ფანცულაია, 46), ჯიღაური (ნავალოვსკი, 90+2), ფლამარიონი (გაგოშიძე, 80).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

„სივასფორი“: ვურალი, კაიოდე, ოსმანფაშა, იატაბარე (ჯეიმსი, 58), ილმაზი (ფელიქსი, 76), გოუტასი, ფაჯრი (იუგიტერი, 90+7), ჩიფტჩი, აზუბუიკე, არსლანი, ალტინაი (ერდალი, 76).

მთავარი მწვრთნელი: რიზა ჩალიმბაი.

გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90+5)

გაფრთხილება: აზუბუიკე (17), ალტინაი (52), ვურალი (69), არსლანი (69), გაფრინდაშვილი (88), ფაჯრი (89).

მთავარი მსაჯი: ირფან პელიტო (ბოსნია-ჰერცეგოვინა)