ქალებს შორის საქართველოს თასის გათამაშების სამი ნახევარფინალისტი გაირკვა

0
3

ზუგდიდის „ფენიქსი“, ხობის „კოლხეთი“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“, საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალში არიან. გუშინ, საქართველოს ქალთა თასის 1/4-ფინალის სამი მატჩი გაიმართა.

მუხრანის სტადიონზე, ერთმანეთს, ქალთა ლიგა 2-ის ორი  წარმომადგენელი, „დიდგორი“ და „ფენიქსი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე კი, ზუგდიდელთა რიგებში, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა, მარიამ რიგვავამ (57’) და თამარ ბეგლარიშვილმა (90+3’)  მასპინძლების კარში, ორი გოლის გატანა მოახერხეს და მოწინააღმდეგე 0-2 დაამარცხეს. „

ფენიქსმა“ ქალთა საფეხბუთო ჩემპიონატში სადებიუტი გამოსვლასთან ერთად, თასის გათამაშების 1/2 ფინალში გასვლაც მოახერხა.

საკმაოდ დაძაბული და ხანგრძლივი გამოდგა დღის მეორე დაპირისპირება გორში, პარკი არენაზე, სადაც „გორი იუნაიტედმა“, ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა. მატჩი, გორელთა ახლაგაზრდა გოლეადორის, ეთერ სულაშვილის სწრაფი გოლით გაიხსნა პირველ წუთზე, თუმცა მალევე, სტუმრებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი, პირველივე ტაიმში დაწინაურება (ნატა კვირკვაია 11’ და მეგი გოცირიძე 38’) მოახერხეს.

შეხვედრის ძირითად დროში, კიდევ ერთი გოლი, 67-ე წუთზე, მასპინძელთაგან, ელენე ენჯიბაძემ გაიტანა და ორი ტაიმის შემდეგ, საყაიმო ანგარიში, 2-2 დაფიქსირდა. დამატებული ორი ტაიმში გუნდებმა, თითოჯერ მოახერხეს ერთმანეთის კარის აღება და შეხვედრა საბოლოოდ 3-3 დასრულდა. შესაბამისად, საჭირო გახდა 11-მეტრიანი დარტყმების სერია, სადაც უფრო მომზადებული და ზუსტები, ხობელები გამოდგნენ და 2-4 გაიმარჯვეს.

მშრალი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“, თბილისის „კვარტალი“. სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში, ანგარიში, პირველ ტაიმში, ვეტერანმა ფეხბურთელმა ტატა მატვეევამ გახსნა. მეორე ტაიმში, მან დუბლიც გაიფორმა. თითო გოლი კი, ლელა ჭიჭინაძემ და მარიამ კირვალიძემ გაიტანეს.

თასის გათამაშების ამ ეტაპის კიდევ ერთი შეხვერდა, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო, „ნორჩ დინამოსა“ და თასის მოქმედ მფლობელ, „ლანჩხუთს“ შორის, გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება. სწორედ, ამ წყვილში გამარჯვებული გახდება მეოთხე ნახევარფინალისტი, რომელიც საქართველოს ქალთა თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ქალთა შორის საქართველოს თასის 2021 წლის სეზონის გათამაშებამ სტარტი, 3 ივლისს აიღო და მასში, მონაწილეობა 16 გუნდმა დაიწყო. დაწვრილებით 1/8 ფინალების შესახებ იხილეთ ბმული.