რიზა ჩალიმბაი: “7-8 ფეხბურთელი ტრავმის გამო არ გვეყოლება, მაგრამ არ გვეშინია”

0
2

თურქეთის “სივასფორის” მთავარი მწვრთნელის რიზა ჩალიმბაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ბათუმში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა, ეს ფაქტი არ აშინებს.

მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ასევე თურქების ფორვარდი კაიოდე ოლარენვაიუ ესწრებოდა.

რიზა ჩალიმბაი: “ეს ჩვენთვის რთული დაპირისპირება იქნება. ერთი შეხედვით, ბათუმის “დინამოს” ბარიერი მარტივი ჩანს, თუმცა ეს ასე არ არის. ქართულ კლუბს ძალიან კვალიფიცირებული გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენთვის რთული შეხვედრა გამოვა და დაპირისპირების ბედი აქ არ გადაწყდება, რადგან ორ შეხვედრას ვთამაშობთ და ვფიქრობ, ყველაფერი თურქეთში უნდა გაირკვეს.

დიდი დანაკლისი გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში 7-8 ფეხბურთელი ტრავმის გამო არ გვეყოლება. მიუხედავად ამისა, არ გვეშინია. გასულ სეზონში ევროპალიგაზე კარგად ვითამაშეთ. ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე მაშინაც გვაკლდა, თუმცა კარგი გამოცდილება მივიღეთ. დანაკლისის მიუხედავად, გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ვენდობით.

საქართველო მეზობელი ქვეყანაა და ძალიან გვიყვარს. ქართველები ძალიან სასიამოვნო ხალხია. კარგია, რომ სამშობლოსთან ახლოს გვიწევს თამაში. ჩვენს ქვეყანაში ხანძრის გამო მძიმე დღეებია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოედანზე ყოველთვის მხოლოდ მოსაგებად გავდივართ და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.

კაიოდე ოლარენვაიუ: “აქ ჩამოსვლისას მწვრთნელმა ბევრი მითითება მოგვცა და ვფიქრობ, მზად ვართ ჩვენი საქმე შევასრულოთ და თამაშიდან საუკეთესო შედეგი მივიღოთ”.

ბათუმის “დინამოსა” და “სივასფორის” შეხვედრა 5 აგვისტოს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.