ბრაზილია ოლიმპიადის ფინალში მეხუთედ გავიდა

0
3

ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

ანდრე ჟარდინის გაწვრთნილები ნახევარფინალში მექსიკელებს დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

მართალია, მატჩის პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა, თუმცა, მატჩის მიწურულს ბრაზილიელებს გამარჯვება შეეძლოთ, მაგრამ რიშარლისონის თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

სხვათა შორის, მსაჯმა შეხვედრის მსვლელობისას მექსიკელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც მოგვიანებით თავად გააუქმა.

ძირითადი დროის მსგავსად, დამატებითი დროც უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ბრაზილიამ 4:1 გაიმარჯვა.

ბრაზილიელები ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ. მათ 4 წლის წინ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიგეს.

ცნობისთვის, ბრაზილიელები ოლიმპიადის ფინალში საერთო ჯამში მეხუთედ ითამაშებენ და ისინი ჩემპიონები ერთხელ გახდნენ.

მეორე ფინალისტის ვინაობა დღესვე ესპანეთისა და ტოკიო-2020-ის მასპინძელ იაპონიის ნაკრებებს შორის მატჩში გაირკვევა.