ბათუმის „დინამომ“ ბატეს სტუმრად აჯობა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სივასფორს” შეხვდება

0
12

ბათუმის „დინამომ“ კონფენერს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი შინ ბელარუსის ბატესთან 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში საუცხოოდ ითამაშა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ბათუმელებს ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ შესვენებამდე ბელარუსები დაწინაურდნენ.

32-ე წუთზე, „დინამოს“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გიორგი ზარია აღმოჩნდა, რომლის დარტყმის შემდეგ მასპინძლების მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ჯაბა ჯიღაურმა „ცაციათი“ ძლიერად დაარტყა – ჩიჩკანმა ნახტომში ბორისოვოელები გოლის გაშვებისგან იხსნა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე, ბატეს ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პასი მეტოქის კართან გააკეთა, ხოლო ლაზარე კუპატაძემ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა და ბურთი მამუკა კობახიძეს მოხვდა, რითაც იაბლონსკიმ ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა – 1:0.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში გიორგი ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ, იაბლონსკიმ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა – 1:1.

58-ე წუთზე, ჩაბრაძის კარგი გადაცემის მერე, ბრაზილიელმა ფლამარიონმა ახლო მანძილიდან დაარტყა და ბათუმელები დააწინაურა – 1:2.

67-ე წუთზე, ბათუმელთა უკრინელი ლეგიონერი აზაცკი დაცვაში უხეშად შეცდა და სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა კარასიოვმა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა – „დინამო“ გოლის გაშვებას გადარჩა.

74-ე წუთზე, ირაკლი აზაროვი ბელარუსთა საჯარიმოს მიუახლოვდა და ოსტატური დარტყმით ბათუმელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა – 1:3.

81-ე წუთზე, მასპინძელთა მოთამაშემ შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და კუპატაძემ ნახტომში ქართველების კარი გადაარჩინა.

85-ე წუთზე, გიული მანჯგალაძის პასის მერე, გიორგი ფანცულაიამ გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუხვა – ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი ჩიჩკანმა მოიგერია.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ტეიდის თავური გადაცემის შემდეგ ფანცულაიამ მეტოქის მცველი ორთაბრძოლაში დაჩაგრა და საჯარიმოში შესულმა საბოლოო წერტილი დასვა – 1:4.

შავიზღვისპირელებმა არსებობის ისტორიაში ევროთასებზე 2 ეტაპი პირველად გაიარეს.

ბათუმელები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის “სივასფორს” შეხვდება.

ბატე (ბელარუსი) – „დინამო“ (ბათუმი) 1:4 (1:0)

29 ივლისი. ბორისოვო. „ბორისოვ არენა“.

ბატე: ჩიჩკანი, ბორდაჩოვი, ა.ფილიპოვიჩი, ი. ფილიპოვიჩი, კარასიოვი (ნოსკო, 85), მილიჩი (ბესმერტნი, 85), ნეჩაევი, ნეხაიჩიკი (კ), სიგნევიჩი (იუსოვი, 63), უმაროვი, იაბლონსკი.

მთავარი მწვრთნელი: ვიტალი ჟუკოვსკი.

„დინამო“ (ბთ): კუპატაძე, აზაცკი, ჩაბრაძე, აზაროვი, კობახიძე (კ), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი, 79), ტეიდი, ზარია (მანჯგალაძე, 66), ჯიღაური (შინდაგორიძე, 79), ფლამარიონი (ფანცულაია, 79).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლი: 1:0 იაბლონსკი (45+2). 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (58), 1:3 აზაროვი (74). 1:4 ფანცულაია ((90+5)

გაფრთხილება: კობახიძე (17), ზარია (23), ფლამარიონი (25), მილიჩი (56), ფანცულაია (90+2)

მთავარი მსაჯი: ურე შნაიდერი (შვეიცარია)