ილიას ზუროსი: “ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ”

0
18

26 ივლისს თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება. მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ლეგიონერებთან ერთად სუპერლიგის მოთამაშეებსა და ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს შეკრებს და პერიოდს, რომელიც ფიბა-ს კალენდარში ოლიმპიადის გამო გამოთავისუფლებულია, ეროვნული გუნდის მოსამზადებლად, ახალი სახეების აღმოსაჩენად გამოიყენებს. ილიას ზუროსი რამდენიმე დღეა, რაც თბილისშია და სპორტის სასახლეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროჩელენჯერის მატჩებს დაესწრო. ტურნირის ბოლო დღეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:
“უპირველესად, აღვნიშნავ, რომ მიხარია, ისევ აქ რომ ვარ და მაქვს საშუალება, დავესწრო ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრების თამაშებს. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს აქვს პრობლემები შემადგენლობის მხრივ. რამდენიმე მოთამაშე ვერ ჩამოვიდა ნაკრებში, რამდენიმეს ტურნირის მსვლელობისას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ყველა მატჩში ვერ მიიღეს მონაწილეობა. მეორეს მხრივ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ბიჭების მონდომებით. მოკლე დროში მათ მოახერხეს და კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდნენ. სასიხარულოა, რომ რამდენიმე კალათბურთელი დავინახე, რომლებმაც დამაინტერესეს და მათ აქვთ შანსი, მომავალში იყვნენ ჩვენთან, მოხვდნენ ეროვნულ გუნდში. ჩვენ მივაქცევთ მათ ყურადღებას, დავაკვირდებით და უნდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მათგანს მართებს ბევრი შრომა და საკუთარ კლუბში ვარჯიში, რათა სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმსახურონ”.