ევროჩელენჯერი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

0
7

ფიბა-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერის B ჯგუფი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მორიგ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა მაღალ დონეზე და მისი დასრულების შემდეგ შესანიშნავი ორგანიზებისთვის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, პაატა გურასპაულს ორგანიზატორის ჯილდო თბილისის ევროჩელენჯერზე მოვლინებულმა ფიბა-ს დელეგატმა, რასა ლიუმინემ გადასცა. ეს მოხდა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ტურნირის ბოლო მატჩის, საქართველო – პოლონეთის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ცერემონიალი სწორედ აღნიშნული ჯილდოს გადაცემით დაიწყო, რის შემდეგაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული, საფრანგეთის ნაკრების წევრი, მილან ბარბიჩი დაჯილდოვდა. MVP-ი მონაწილე გუნდების მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. საუკეთესოდ აღიარებულ მილან ბარბიჩს სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტმა, გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.

ტურნირზე ყველა მატჩის მომგები საფრანგეთის ნაკრების წევრები საჩემპიონო, ოქროს მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს. ცერემონიალის კულმინაცია გახლდათ საჩემპიონო თასის გადაცემა, რომელიც ფრანგების კაპიტან ტიმოთი კრუსოს პაატა გურასპაულმა უსახსოვრა. საფრანგეთის ნაკრებმა თბილისური ევროჩელენჯერის მოგება ფოიერვერკის თანხლებით იზეიმა.