კახა ცხადაძე: „თუ „დინამოში“ დავრჩი, იმედია შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება გუნდის გასაძლიერებლად“

0
3

თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს მიაჩნია, რომ ჰაიფას „მაკაბისთან“ დაცვაში უხეში შეცდომების გამო დამარცხდნენ და მეტოქეს გუნდურ თამაშში არ ჩამორჩნენ.

მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ „მაკაბისთან“ 1:2 მარცხის მერე განაცხადა.

კახა ცხადაძე: „ნეფთჩი“ იყო ეს თუ „მაკაბი“ თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ ქმედებებს, გუნდურად ვერაფერი გააკეთეს. 60-65 წუთის შემდეგ, დროის გაყვანა დაიწყეს, რაც კარგი არ იყო.

სამწუხაროდ, დაცვაში უხეში შეცდომები დავუშვით და ინდივიდუალური შემსრულებლები არ გვყავს და სწორედ ამის გამო წავაგეთ სამივე თამაში. სამწუხაროა, რომ ბევრი საშუალება იყო იმისი, რომ ბევრი მომენტი შეგვექმა, მაგრამ როდესაც ადამიანი არ არის თვითდაჯერებული, ასე თამაში რთულია. ეს შედეგები გამოუცდელობამ განაპირობა.

გული მწყდება, რომ კარში ძალიან ცოტას ურტყამენ ჩვენი მეტოქეები და მაინც ვმარცხდებით, რაც ძალიან სამწუახროა.

„მაკაბიდან“ რამდენიმე ფეხბურთელი გამოირჩევა და სწორედ ისინი ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს.

„მაკაბის“ გუნდური თამაშით ჩვენთვის არ უჯობნია. რთულია საუბარი. მეტოქემ ისევ ინდივიდუალურად გვაჯობა. ინდივიდუალური ოსტატობა დაგვაკლდა. როცა გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს, შესაბამისი დონის შემსრულებლებია საჭირო.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაცვაში ასეთი უხეში შეცდომები დავუშვით. ფლანგიდან უამრავი გადაცემა გავაკეთეთ, მაგრამ უმეტესობა არაზუსტი იყო.

ზოგიერთი მოთამაშე გამოუცდელობის ფაქტორმა დააზარალა. გამოუცდელებს ეპატიებათ, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები  შიშით რატომ თამაშობენ, ეს ჩემთვის აუხსნელი და მიუღებელია.

საუბარი არ მაქვს იმ ხალხზე, ვიღაცის ინტერესს რომ ატარებენ და 20 ლარის გამო ტრიბუნიდან იგინებიან და რაღაცას ყვირიან. ობიექტური ხომ უნდა იყო. როგორც “ნეფთჩისთან”, ასევე დღევანდელ შეხვედრაში გუნდის მოსამზადებლად არაფერი დაგვიკლია და მეტოქეებს არ ჩამოუვარდებოდით. მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ, არაერთი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა.

გუნდური თამაშიდან გამომდინარე „დინამოს“ დიდი ნაბიჯები აქვს გადადგმული. ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და თუ „დინამოში“ დავრჩი, იმედია შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება გუნდის გასაძლიერებლად.

პესიმიზმში არ მსურს გადავარდეთ, რადგან მჯერა მომავლის. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის“.