გია გეგუჩაძე: „ჩვენი ფეხბურთელებისგან უკეთეს თამაშს ველოდები, სხვა სიურპრიზი არ ვიცი“

0
5

ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბატესთან საშინაო მარცხის მიუხედავად, მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს.

გია გეგუჩაძე: „ ვფიქრობ, შანსი არ დაგვიკარგავს. ისიც ვთქვი, რომ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით. რატომღაც მიიჩნევა, რომ ბატე არ არის ძლიერი. არადა, სინამდვილეში, ძალიან კარგი გუნდია და ამას ნუ დავუკარგავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გუნდი ძალიან გამოცდილია. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიყენოთ. ამ ერთ კვირაში გამოცდილებას ვერ შევიძენთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, რაც დღეს, მე ვფიქრობ, კარგად არ გამოგვივიდა. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოწინააღმდეგის დამსახურებაც არის.

ინიციატივას ასე თუ ისე ვფლობდით, ვცდილობდით რაღაცის შექმნას. ისინი ძალიან მარტივ ფეხბურთს თამაშობდნენ. ენერგიაც დავხარჯეთ და დიდი ძალები შევალიეთ. ბოლოსკენ დაღლილობა დაგვეტყო, თუმცა ერთი რამაა: ბელარუსშიც მიმდინარეობს ჩემპიონატი და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბატე ფიზიკურად კარგ ფორმაშია.

იყო თუ არა პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი? არ ვიცი, ახლა არ მინდა ვთქვათ, იყო თუ არ არ იყო თერთმეტმეტრიანი.

ჩვენი ფეხბურთელებისგან უკეთეს თამაშს ველოდები. უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და დამიჯერეთ, ეს მათთვის სიურპრიზი იქნება. სხვა სიურპრიზი მე არ ვიცი.

ჩვენ გვყავს მზარდი გუნდი – ეს ერთია. მეორე: ჩვენ ამ თამაშებში გარკვეულ გამოცდილებას ვიძენთ და ვიზრდებით. ასეთი მატჩები ხშირად არ გვაქვს და ეს არის ძალიან კარგი მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. წინასწარ არ ვგეგმავთ რაღაც განსაკუთრებულს, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ“.