„დინამოს“ მარცხიანი დებიუტი კონფერენს ლიგაში

0
7

თბილისის „დინამოს“ დებიუტი უეფას მიერ დაარსებულ ახალ ტურნირ კონფერენს ლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კახა ცხადაძის გუნდმა ისრაელის ჩემპიონი ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „დინამომ“ ებრაულ გუნდთან ოფიციალური შეხვედრა არსებობის მანძილზე პირველად ჩაატარა.

თბილისელებს ანგარიშის გახსნა მე-2 წუთზე შეეძლოთ, როდესაც ბაქარ ქარდავას პასის შემდეგ სერბმა ფორვარდმა ზორან მარუშიჩმა მოედნის ცენტრიდან ბურთიანად ისე ირბინა, რომ ორი მცველი ვერ დაეწია, მაგრამ საჯარიმოში შესულმა გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. არადა, რომ გაეტანა შესაძლოა მატჩი სულ სხვაგვარად წარმართულიყო.

მე-8 წუთზე, ლევან ხარაბაძემ თავის ნახევარიდან ცუდი პასი გააკეთა და სტუმარმა ფეხბურთელმა თბილისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საბა ხვადაგიანმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია და ჰაზიზის გადაცემის მერე ატცილმა ანგარიში გახსნა – 0:1.

მე-13 წუთზე, ბენიოს ბურთის მოგერიებისას მეტოქემ „დააფარა“ და კარიდან გამოსულ ომარ მოგინეიშვილს სტუმართა ფორვარდისთვის რომ არ დაესწრო, შესაძლოა მეორე გოლი გასულიყო. მიგინეიშვილი სასტარტოში გუნდიდან როინ კვასხვაძის წასვლის მერე მოხვდა.

მე-19 წუთზე, გიორგი კუციამ საშუალო მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი სტუმართა კარს მცირე მანძილით აცდა.

ტაიმის შუაწელში ჰაიფელებმა რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაათამაშეს და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან აბუ ფანის დარტყმის შემდეგ, „დინამო“ კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაურჩა – ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა.

ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მარცხენა ფლანგიდან ატცილის პასის შემდეგ, ჰაზიზმა კარის ახლოდან ერთი შეხებით არაზუსტად დაარტყა და გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენა.

„დინამომ“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. „მაკაბიმ“ შედარებით უკან დაიხია და შანსს კონტრშეტევაში ეძებდა.

50-ე წუთზე, კუციამ მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმოს შესრულების დროს, მეტოქის კართან ახლოს მყოფი ბარნ ოსეი მოძებნა, რომელმაც თავით არაზუსტად დაარტყა.

ამ ეპიზოდიდან სამ წუთში კუციამ უკვე კუთხური ჩააწოდა და ამჯერად, ბენიომ ვერ გადაგზავნ თავით ბურთი კარში.

61-ე წუთზე, თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ჰაზიზმ ჩააწოდა და მიგინეიშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა ატცილმა ცუდად დაამატა.

მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ შეტევაში მეტოქეზე მეტ დროს ატარებდა, გოლის სტუმრებ,ა გაიტანეს. 66-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მეირმა ჩააწოდა და თბილისელთა მცველ ხვადაგიანს ბურთი თავს ზემოთ გადაცდა, ხოლო კარის წინ მდგომმა დინ დავიდმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა.

88-ე წუთზე, კუციას შესრულებული კუთხურის შემდეგ, ბენიომ „ჰაიფას“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო გიორგი პაპავამ თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა.

დარჩენილ დროში „დინამომ“ „მაკაბის“ კარი ვერ აიღო და მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ზედიზედ მესამედ 1:2 წააგო. მანამდე, ანალოგიური ანგარიშით ცხადაძის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორ შეხვედრაში დამარცხდნენ.

თბილისელები საპასუხო შეხვედრას „ჰაიფაში“ 29 ივლისს ჩაატარებენ.

„დინამო“ (თბილისი) – „მაკაბი“ (ჰაიფა, ისრაელი) 1:2 (0:1)

22 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

„დინამო“: მიგინეიშვილი; ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო, სპორსკლედე, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (მორჩილაძე 78), ხარაბაძე; კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46),  მარუშიჩი.

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

„მაკაბი“: ოენი; მეირი, გერსონი, პლანიჩი (დაჰანი 84), მენაჩემი, აბუ ფანი, როდრიგესი, ჩერი (ლევი 71); ატცილი (დავიდი 64), დინიო (საჰარი 63), ჰაზიზა (აშკენაზი 84).

მთავარი მწვრთნელი: ბარაკ ბახარი

გოლები:  0:1 ატცილი (8), 0:2 დავიდი (66), 1:2 პაპავა (89)

გაფრთხილება: კუცია (51), სპორსკლედე (79), ოსეი (90) – აბუ ფანი (12), პლანიჩი (33), როდრიგესი (62), მენაჩემი (80)

მთავარი მსაჯი: ლუკას ფენდრიხი (შვეიცარია)