ევროჩელენჯი: საქართველომ თურქეთი დაამარცა გერმანიასთან საბრძოლველად ემზადება

0
10

თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ქართველებმა იმ თურქეთს სძლიეს, რომელმაც პირველ ტურში ბულგარეთს აჯობა. საქართველოს ნაკრებმა მატჩის უმეტესი დრო გამართული, გააზრებული კალათბურთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში ჩავარდნა ჰქონდა, რეაბილიტაცია მოახდინა, ერთ მუშტად შეიკრა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა – 77:69 (სტატისტიკა).

საქართველოს ნაკრებს 22 ქულით ლაშა მიქელაძემ ულიდერა, რომელიც ამპლუით მეფარეა, მაგრამ 4 სამქულიანი ჩააგდო. ზოგადად კი, თურქეთთან მატჩში შორი სროლები იყო ჩვენი ნაკრების მთავარი კოზირი – მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა 24 ცდიდან 14 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ნებისმიერი დონის გუნდისთვის ბრწყინვალე შედეგია.

ლაშა მიქელაძე ამპლუით ცენტრია, მაგრამ ის ძალიან ხშირად ადის პერიმეტრზე, საიდანაც მეტოქის ფარს შორი სროლებით, დაცვას კი გამჭოლი პასებით ემუქრება. ის ამ ხერხს ხშირად მიმართავდა თურქეთთან მატჩში და შედეგად, საქართველოს ნაკრებსაც თამაში უადვილდებოდა. მატჩის დასაწყისში ქართველებმა ყველა კომპონენტში მოიპოვეს უპირატესობა: საშუალოდანაც აგდებდნენ, სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდნენ და პერიმეტრსმიღმიდანაც აგდებდნენ. შედეგად ჩვენმა გუნდმა საწყისი პერიოდი 23:10 მოიგო და წარმატებით თამაში მეორე ათწუთეულშიც გააგრძელა.

დიდ შესვენებაზე საქართველო უკვე 17 ქულით იგებდა და უპირატესობის ზრდა თამაშის განახლებისთანავე განაგრძო. ირაკლი სულხანიშვილის, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის, ანზორ ნადირაძის, რომან ჭინჭარაულის შედეგიანობით მესამე პერიოდის მესამე წუთისთვის გლიგორიევიჩის გუნდი 26 ქულას – 55:29 იგებდა. თურქეთს ერთადერთი გზა დარჩა: დაცვა გაემაგრებინა და შეტევაში მიზნისა

და იღბლის იმედზე ყოფილიყო. ტაქტიკამ გაამართლა – საქართველოს ნაკრებმა დაახლოებით 5 წუთი ბურთი ვერ ჩააგდო, რა დროშიც თურქებმა ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ამაში მათ შორი სროლები დაეხმარათ და თამაშის მოგების შანსი გაუჩნდათ.

ბოლო პერიოდში საქართველოს სოლიდური ლიდერობიდან 4 ქულა დარჩა (64:60) და კრიტიკულ მომენტში კვლავ მიქელაძემ იყოჩაღა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და უშედეგობის ნავსი გატეხა. ამას მოჰყვა სულხანიშვილის შორი სროლაც და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის დინჯი, ტაქტიკურად გამართული თამაში, რის შემდეგაც საქართველომ გამარჯვება გაინაღდა. მიქელაძის 22 ქულის კვალზე გაფრინდაშვილმა 16 ქულა მიითვალა. 9 ქულა ანზორ ნადირაძემ, ხოლო 8-8 ქულა ირაკლი სულხანიშვილმა და რომან ჭინჭარაულმა მოაგროვეს.

როგორც ზემოთა აღვნიშნეთ, თურქეთმა წინა ტურში ბულგარეთი დაამარცხა, ხოლო ამ უკანასკნელმა დღეს პოლონეთს სძლია – 86:79. დღეს, სპორტის სასახლეში გამართული მეორე ტურის კიდევ ერთ მატჩი საფრანგეთმა 65:62 დაამარცხა გერმანია და ცხრილში ერთადერთი დაუმარცხებელი და ლიდერია.

22 ივლისს თბილისის ჩელენჯერში მე-3 ტურის 3 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 20:00 საათზე გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი ბულგარეთი საფრანგეთს, თურქეთი კი პოლონეთს შეხვდება.