თბილისის “დინამო” მატჩები ისრაელის გუნდებთან – 4 გამარჯვება და 1 ფრე

0
8

თბილისის “დინამოს” ისრაელის გუნდებთან ოფიციალური საერთაშორისო მატჩი აქამდე არ ჩაუტარებია და ჰაიფას “მაკაბისტან” დაპირისპირება სადებიუტო იქნება.

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, 2016 წელს “დინამო” “ჰაიფას” ავსტრიულ შეკრებაზე შეხვდა. 29 ივნისს ბიშოფსხოფენში ჩატარებული მატჩი თბილისელებმა 2:0 მოიგეს. გოლები გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს.

1989 წლის ბოლოს დინამოელებმა ისრაელში ტურნე გამართეს და ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს.

28 ნოემბერს დავით ყიფიანის გუნდმა ჰაიფას “მაკაბისთან” თემურ ქეცბაიას გოლით 1:0 იმარჯვა. მომდევნო დღეს “დინამო” ნაზარეთის “ჰაპოელს” შეხვდა და დიდი ანგარიშით 5:1 აჯობა. გია ჯიშკარიანმა “ჰაპოელს” სამი გოლი გაუტანა, ხოლო თითოჯერ თავი გიორგი დარასელიამ და ზაზა რევიშვილმა გამოიჩინეს.

5 დეკემბერს თელ ავივის “მაქაბისთან” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა.

6 დეკემბერს “დინამო” ისრაელის კლუბების ნაკრებს შეხვდა და 2:1 მოიგო. გოლები გელა კეტაშვილის და თემურ ქეცბაიას ზუსტ დარტყმებს მოჰყვა.