გია გეგუჩაძე: „იმედია, მეტოქეს საკუთარ თამაშს თავს მოვახვევთ“

0
3

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ბორისოვოს ბატესთან მატჩის წინ გუნდების წარმატების შანსი თანაბრად შეაფასა, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის ეიმედება.

გია გეგუჩაძე: „ბატე ახლაც კარგი გუნდია, შანსებზე კი ამას წინათაც ვისაუბრე და აზრი არ შემიცვლია: მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები 50/50-ზეა. იმედია, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. ლუკას გროცურეკს კორონავირუსი აქვს და განაცხადში არ იქნება, სხვა ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან.

იმედია, მეტოქეს საკუთარ თამაშს თავს მოვახვევთ, რაც წარმატების წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, ყოველთვის გინდა, რომ ინიციატივას ფლობდე, შენ კარნახობდე თამაშს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს ადვილი არაა.

ყველაფერთან ერთად, საქმე ძალიან გამოცდილ გუნდთან გვაქვს. ამდენად, ეს იოლი არ იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჯერ არ მქონია საბაბი, რომ ჩვენს თამაშში რაიმე კორექტივები შემეტანა. შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ზურაბიანისა და ავალიანის გუნდში მოსვლიდან ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. იმედია, რომ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებენ. ნიჭი აქვთ, ახლა ხასიათიც უნდა დაამატონ. მათ მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს – ყოველ შემთხვევაში, ჯერ მაინც.

2004 წელს ბატესთან დაპირისპირებას რაც შეეხება, ის ერთი კონკრეტული თამაში იყო და ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ამჯერად ნამდვილად არ ვისურვებდი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნას, როგორშიც მაშინ აღმოვჩნდით, როცა ბატესთან 0:2-ს ვაგებდით, თუმცა თამაში შემოვატრიალეთ. სხვა დროს გამოვცადოთ, ვართ თუ არა ფსიქოლოგიურად მზად ორბურთიანი ჩამორჩენისთვის”.

ბათუმის „დინამოსა“ და ბატეს მატჩი ბათუმის ახალ არენაზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.