“მილუოკი” 50 წლის წინანდელი ტრიუმფის გამეორებასთან ახლოსაა…

0
6

NBA-ში პლეი ოფის სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფინიქსმა უმასპინძლა. მასპინძელი „სანზი“ „მილუოკი ბაქზთან“ 119:123 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილუოკელები სერიაში 3:2 დაწინაურდნენ.
მასპინძლებმა პირველი მეოთხედი დამაჯერებლად 37:21 მოიგეს და თითქოს დაწინაურების შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვათ, თუმცა მეორე მეოთხედიდან „მილუოკი“ შეუჩერებელი იყო.
43:24 და 36:29 – „ბაქზმა“ მეორე და მესამე მეოთხედები დამაჯერებლად მოიგო და გადამწყვეტ ტაიმს უპირატესობით შეხვდა. მასპინძლებს მეოთხე თორმეტწუთეულის 29:23 მოგება არ ეყოთ და შეხვედრა ოთხქულიანი ჩამორჩენით წააგეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯრუ ჰოლიდეი გახდა, რომელმაც კარგად ითამაშა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში – 27 ქულა, 13 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება.
ტრადიციულად სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა იანის ანტეტენკუმპოს – 32 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი. თავი გამოიჩინა კრის მიდლტონმაც – 29 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა.„ფინიქსის“ რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი იყო, რომელმაც მორიგი 40 ქულიანი შეხვედრა შემოგვთავაზა.
პლეი ოფის სუპერფინალური სერიის მეექვსე შეხვედრა “მილუოკის” საშინაო არენაზე 22 ივლისს, ჩვენი დროით დილის 5 საათზე დაიწყება. თუ მასპინძლები მოიგებენ, 1971 წლის შემდეგ პირველად იზეიმებენ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობას.